მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეს, ისე როგორც არასდროს, უკიდურესად მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორობა“ - ამერიკელი მაღალჩინოსანი

643401fe76a0d
BM.GE
10.04.23 16:57
587
აშშ-ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, არუნ ვენკატარამანმა საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა არუნ ვენკატარამანმა თბილისში ვიზიტი დაასრულა. ის საქართველოს გასულ კვირას რეგიონალური ტურნეს ფარგლებში ეწვია. მის ტურში საქართველოს გარდა შედიოდა თურქეთი, სომხეთი და აზერბაიჯანი.

ვიზიტის ფარგლებში ვენკატარამანი შეხვდა ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს, საქართველოს შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, გაესაუბრა SABIT-ის კურსდამთავრებულებს, დაესწრო SelectUSA ბიზნეს იდეების კონკურსს და შეხვდა ამერიკის სავაჭრო პალატას.

არუნ ვენკატარამანმა ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–სთვისაც მოიცალა. ექსკლუზიური ინტერვიუ ძირითადად შეეხო ამერიკის შეერთებული შტატებისა და საქართველოს ეკონომიკურ შესაძლებლობებს, საქართველოს როგორც სატრანსპორტო, სავაჭრო და ლოჯისტიკური ჰაბის პოტენციალს და იმას, თუ როგორ შეიძლება, საქართველოს დემოკრატიულმა რეფორმებმა გამოიწვიოს ეკონომიკური ზრდა და გააღრმავოს კავშირები ევროკავშირსა და ნატოსთან.

ცხადია, „ანალიტიკა“ ვერც რუსეთს და მასზე დაკისრებული სანქციების ეფექტიანობის შეფასებას აუვლიდა გვერდს.

ვინ უფრო დიდ ფასს იხდის ამ ეტაპზე – რუსეთი თუ სხვა ქვეყნები, მაგალითად, ევროპა, რომელიც ენერგეტიკულად ძალიან დამოკიდებული აღმოჩნდა რუსეთზე?

რუსეთის უკანონო აგრესიამ უკრაინაში მსოფლიო ეკონომიკა ნამდვილად დააზიანა. ჩვენ ვხედავთ ამას ენერგოფასების, საკვების უსაფრთხოების კონტექსტში. რუსეთის უკანონო აგრესია გამოიხატება არა მხოლოდ იმ საზარელი დანაშაულებებით, რასაც რუსეთი უკრაინაში სჩადის, არამედ, ამ საერთო სურათის შემადგენელია ის ეკონომიკური ზარალიც, რაც რუსეთის უკანონო აგრესიას მსოფლიოსთვის მოაქვს. ამას თვალი უნდა გავუსწოროთ. მაგრამ რა დასკვნის გამოტანაც შეგვიძლია ამ ეტაპზე ის არის, რომ დღეს ისე როგორც არასდროს უკიდურესაც მნიშვნელოვანია ის პარტნიორობა რაც ჩვენს შორის არსებობს, კოორდინაცია, რომელსაც ვეწევით ჩვენ მეგობრებთან – მათ შორის, საქართველოსთან ერთად. ეს არის ერთადერთი გზა, რომლის მეშვეობითაც ჩვენ შევძლებთ წინააღმდეგობა გავუწიოთ იმ გამოწვევებს, რაც რუსეთის უკანონო აგრესიას მოაქვს მსოფლიოსთვის. ამ ერთობლივ ძალისხმევას რუსეთზე საგრძნობი გავლენა აქვს და მას ნამდვილად აყენებს ზიანს. ჩვენ გვინდა, რუს ხალხს ჰყავდეს ისეთი ხელისუფლება, რომელიც მათ თავის მეზობელთან ომის მდგომარეობაში არ ჩააყენებს. ვფიქრობ, სანქციები და ექსპორტის კონტროლი ამ მიმართულებით გადადგმული ნაბიჯებიცაა.

კიდევ ერთი დასკვნა, რაც შეიძლება მათ შორის საქართველომაც გამოიტანოს ის არის, რომ რუსეთისგან დივერსიფიკაცია ყოველთვის სწორი გადაწყვეტილებაა. საკმარისია ის ნაბიჯები, რასაც მთავრობა დგამს ამ მიმართულებით?

ჩვენ გვესმის, რომ საქართველოსა და რუსეთს ყოველთვის ექნებათ ურთიერთობა და ვერც წარსული წავა სადმე. ამ ფაქტისთვის თვალის გასწორება ძალიან მნიშვნელოვანია. მაგრამ ამასთან, ჩვენ გვინდა მხარი დავუჭიროთ საქართველოს მთავრობის ძალისხმევას, რომ შეამციროს რუსეთზე დამოკიდებულება და რაც ყველაზე მთავარია, უზრუნველყოს ის, რომ ამ კონფლიქტის განმავლობაში, ეს დამოკიდებულება არ გაიზარდოს. ჩვენ ვმუშაობთ საქართველოს მთავრობასთან, რომ ეს ასეც მოხდეს – მათ შორის, 12 წინაპირობის შესრულების გზითაც და იმითაც, რომ იმ ამერიკულ კომპანიებს, რომლებსაც საქართველოში ინვესტირების ინტერესი აქვთ და პირიქით, ქართულ კომპანიებს, რომლებსაც ამერიკის ბაზარი აინტერესებთ მაქსიმალურად დავუჭიროთ მხარი.

დიდი მადლობა, რომ მთელი ინტერვიუს განმავლობაში უსვამთ ხაზს იმას, თუ რა მნიშვნელობა აქვს საქართველოს მხრიდან ამ 12 წინაპირობის შესრულებას. მოდი, უფრო დეტალურად გავშალოთ, რა არის ამ აქცენტირების მიზეზი თქვენი მხრიდან და რა ტიპის რისკები შეიძლება გადააზღვიოს საქართველოსთვის ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსის მოპოვებამ როგორც პოლიტიკურ, ისე ეკონომიკურ კონტექსტში.

რამდენიმე რამ არის გასათვალისწინებელი. ჯერ ერთი – ამ 12 წინაპირობის შესრულებით, საქართველო ავითარებს საკუთარ სურვილს უფრო ინტეგრირებული იყოს დასავლეთთან, პარტნიორების დივერსიფიცირება შეძლოს და თავიდან აიცილოს ზეწოლა, მიიღოს კონკრეტული გადაწყვეტილებები რუსეთის გამო. საკუთარი მოწყვლადობის შემცირებით და ევროკავშირთან და აშშ–სთან ინტეგრირებით საქართველო მტკიცედ იკიდებს ფეხს დივერსიფიცირებულ ეკონომიკურ პორტფელში, რაც მას მოქმედების თავისუფლებას უზრდის და აძლიერებს მის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. ეს ყველაფერი კი მისი პოლიტიკური დაცულობის მყარ წინაპირობას ქმნის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები