მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„საქართველოს მთავრობა ემორჩილება საერთაშორისო სანქციებს“ – აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილე

6433f4d9cb65c
ელენე კვანჭილაშვილი
11.04.23 00:30
995
“საქართველოს მთავრობა ემორჩილება და პატივს სცემს საერთაშორისო სანქციებს და ექსპორტის კონტროლს. სასიამოვნოა იმის განცდა, რომ საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის ფარგლებში, გვაქვს შესაძლებლობა მათ დავეხმაროთ, რომ საქართველო არ გახდეს შავი ხვრელი სანქციებისთვის გვერდის ასავლელად” – ამის შესახებ აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის მდივნის მოადგილემ, საგარეო ვაჭრობის გენერალურმა დირექტორმა არუნ ვენკატარამანმა ელენე კვანჭილაშვილის „ანალიტიკა“–სთან ექსკლუზიურ ინტერვიუში განაცხადა.

„ანალიტიკა“–ს ავტორისა და წამყვანის – ელენე კვანჭილაშვილის კითხვაზე – რამდენად მუშაობს საერთაშორისო სანქციებზე რუსეთზე – არუნ ვენკატარამანმა განაცხადა, რომ ამერიკა ამაყობს იმ ძლიერი კოალიციით, რომელიც პრეზიდენტ ბაიდენის ძალისხმევით შედგა იმისთვის, რომ წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთის უკანონო აგრესიას უკრაინაში.

„ექსპორტის კონტროლი და სანქციები ამის ნაწილია. ჩვენ ვამაყობთ, რომ გვაქვს შესაძლებლობა ვიმუშაოთ ამ მიმართულებით ჩვენს პარტნიორებთან – მათ შორის, საქართველოსთანაც – იმისთვის, რომ რუსეთის ომის მანქანამ შეწყვიტოს მოქმედება“ – აღნიშნა აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილემ.

არუნ ვენკატარამანის თქმით, ეს წინააღმდეგობა მუშაობს. ”ჩვენ გვინდა დავრწმუნდეთ, რომ გავზრდით ფასს პუტინისთვის, რომელიც აგრძელებს ამ უკანონო აგრესიას. გვიხარია, რომ ჩვენს ძალისხმევას წარმატება მოაქვს. რუსეთის ომის მანქანა შენელებულია და რა თქმა უნდა, უკრაინელი ხალხის სიმამაცე და მედეგი წინააღმდეგობა ამ სურათის საკვანძო ნაწილია – აღნიშნა აშშ–ის ვაჭრობის დეპარტამენტის გენერალური მდივნის მოადგილემ – ჩვენც მზად ვართ, მათ მხარი დავუჭიროთ ნებისმიერი ფორმით, რაც ჩვენ შეგვიძლია – მათ შორის, ექსპორტის კონტროლისა და საერთაშორისო სანქციების გზით ისეთ მეგობრებთან ერთად, როგორიც – საქართველოა“.

ვიზიტის ფარგლებში ვენკატარამანი შეხვდა ეკონომიკის მინისტრს ლევან დავითაშვილს, საქართველოს შემოსავლების სამსახურისა და საბაჟო დეპარტამენტის წარმომადგენლებს, გაესაუბრა SABIT-ის კურსდამთავრებულებს, დაესწრო SelectUSA ბიზნეს იდეების კონკურსს და შეხვდა ამერიკის სავაჭრო პალატას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები