მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეში საშუალოდ ორ ბიზნესს ვესაუბრები აცრების მნიშვნელობაზე - გამყრელიძე

6137c00c02aa5
თამთა ჯიჯავაძე
07.09.21 23:37
599
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით, იმისათვის, რომ რესპირაციული ვირუსების სეზონს შედარებით მომზადებულად შევხვდეთ, კარგი იქნება თუ ქვეყანაში სექტემბერ-ოქტომბერში მილიონ-მილიონ კოვიდ-აცრა ჩატარდება.

როგორც მან საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში საუბრისას აღნიშნა, საქართველოში აგვისტოში 715 000 აცრა გაკეთდა, ამიტომაც თვეში მილიონამდე ასვლა რეალისტურია, თუმცა, ამისთვის საჭიროა მოსახლეობის დამყოლობა.

„უნდა შემოვიდეს დამატებითი ბერკეტები, აუცილებელია მეტი კომუნიკაცია მოსახლეობასთან, განსაკუთრებით სოფლის მოსახლეობასთან.

დღეში დაახლოებით ორ საშუალოდ დიდ ბიზნესს ვესაუბრები და ერთსაათიანი ჩართვა მაქვს 200-200 ადამიანთან, სხვადასხვა ბიზნესის წარმომადგენელთან, სადაც ვსაუბრობ აცრების მნიშვნელობაზე. ვარწმუნებ ადამიანებს, ძალიან ბევრი კითხვაა, ამ კითხვებზე პასუხი, უფრო მეტი კომუნიკაციაა საჭირო. მასმედიის როლიც მნიშვნელოვანია. ასევე ბევრმა ბიზნესმა დაიწყო, რომ მაგალითად რესტორანში ვერ შეხვალ, თუ არ ხარ აცრილი ან ნეგატიურ კოვიდ-ტესტს არ წარადგენ“, - აღნიშნა ამირან გამყრელიძემ.

ცნობისთვის, ამ დროისთვის ქვეყანაში სულ ჩატარებულია 1 340 062 აცრა. სრულად ვაქცინირებულია 489 194 ადამიანი - მოზრდილი მოსახლეობის 17.1%.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები