"ალბათ უმრავლესობა ელის, რომ არჩევნების შედეგად ჩამოყალიბდება მრავალპარტიული პარლამენტი“, - ამის შესახებ BMG -ში სტუმრობისას დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ყოფილმა ხელმძღვანელმა ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
საქართველოს უნივერსიტეტის ჯანმრთელობის მეცნიერებათა სკოლის გლობალური და ევროპული ჯანმრთელობის განათლებისა და კვლევების ინსტიტუტის დირექტორი მიიჩნევს, რომ „დღევანდელი არჩევნები შესაძლოა, ისტორიული არჩევნები გახდეს ქვეყნის განვითარების გზაზე.
ამირან გამყრელიძე მიიჩნევს, რომ ახალ პარლამენტს 2 უმთავრესი ამოცანა აქვს - არ გადაუხვიოს არჩეულ გზას ევროატლანტიკური გაერთიანებისკენ და ქვეყნის პოლიტიკური პრიორიტეტი გახადოს განათლება და ჯანდაცვა.
"პირველი, რასაც ველი და ალბათ უმრავლესობა ელის, არის ის, რომ იქნება მრავალპარტიული არჩევნები და მრავალპარტიული პარლამენტი ჩამოყალიბდება. ალბათ ჩვენი მოქალაქეების, ყველას სურვილია, რომ მინიმუმამდე დავიდეს ის ძალიან მკვეთრი პოლარიზაცია, რომელიც დღეს საზოგადოებაშია და ხელს უშლის ქვეყნის სწორ განვითარებას. ქვეყნის სწორი განვითარების გზა კი, უკვე დიდი ხანია უკვე განსაზღვრულია, მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლები ვართ. ჩვენ გვინდა და ეს დაფიქსირებულია კონსტიტუციაშიც, რომ ქვეყანა უახლოეს პერიოდში გახდეს ევროკავშირის წევრი და ქვეყანას ფარავდეს ჩრდილოატლანტიკური ალიანსის ფარი. ეს იქნება, ჩემი აზრით, პოლიტიკური თვალსაზრისით ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც ახლად არჩეულმა პარლამენტმა უნდა გააკეთოს.
მე არ წავალ ახლა სიღრმეებში, ვინ იქნება უმრავლესობაში, ვინ უმცირესობაში, მაგრამ ჩვენ უნდა გავითავისოთ, რომ პატარა ქვეყანა ვართ, არც თუ დაცული. ჩვენ გვჭირდება უახლოესი და კარგი მეგობრები. ეს მეგობრები დიდი ხანია განსაზღვრულია და ჩვენ ამ გზას არ უნდა გადავუხვიოთ. ახლა არის მომენტუმი, რომ მოგვეცა შესაძლებლობა უფრო დაჩქარდეს ევროკავშირში წევრობა და შევიდეთ ნატოს ფარის ქვეშ. ეს იქნება მთავარი. მეორე - რადგან მე ექიმი ვარ და ვმუშაობ 30 წელზე მეტია ჯანდაცვის ორგანიზაციაში, ვურჩევდი პარლამენტს, რომ ქვეყანაში ორი რამ მოსახლეობის ჯანმრთელობა და განათლება იყოს ქვეყნის პოლიტიკური პრიორიტეტი, რადგან ჩვენი ტიპის ქვეყანა განვითარებაში უნდა ეყრდნობოდეს ამ 2 დედაბოძს. მე მჯერა, რომ ჯანმრთელი და განათლებული მოსახლეობა შექმნის ცოდნაზე დამყარებულ ეკონომიკას, რაც ჩვენთვის მთავარია“, - ამბობს ამირან გამყრელიძე