პოლიტიკური პარტია „ლელოს“ ლიდერი მამუკა ხაზარაძე აცხადებს, რომ თსუ-ს ტერიტორიიდან რუსთაველის გამზირის მიმართულებით ევროკავშირის დროშებით მსვლელობა ქართველი ხალხის 80%-ის ნების გამოხატულებაა. მისი თქმით, ხალხი არ დაუშვებს საქართველოს მთავრობის მცდელობას, რომ რუსეთისკენ წაიყვანონ ქვეყანა. ამის შესახებ მან მსვლელობისას განაცხადა.
„დღევანდელ დღეს ჩვენი ქვეყნის მოსახლეობის 80%-ის ნების გამოხატულებაა, საქართველოს უსაფრთხოება, საქართველოს მშვიდობა, ქართველობის, იდენტობის და ისტორიის დაცვა იმ ოჯახშია შესაძლებელი, პატივს სცემენ ეროვნულობას, ოჯახს, იმას რაც ჩვენთვის ღირებულია - მშვიდობას და უსაფრთხოებას, ეს არის მსვლელობა, რაც ჩვენი საზოგადოების ნებას ასახავს.
ეს არის იმის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამ პატარა ჯგუფის მანიპულაციას ჩვენი ქვეყანა რუსეთის წიაღში შეათრიონ. ეს არის გაფრთხილება, შეხსენება მოღალატე მთავრობის მიმართ, რომ ქართველი ხალხი იმპერიაში დაბრუნებას არ დაუშვებს.
ქართველ ხალხს ვუსურვებ გამარჯვებას, უკრაინას გამარჯვებას ვუსურვებ. ერთხელ და სამუდამოდ ბოროტების იმპერია დაიქცევა და ჩვენი ქვეყანა იქნება ძლიერი, განვითარებული და აღშენებული“, - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.