პირველი აპრილიდან, ანუ დღეიდან საქართველოში 4 დაცულ ტერიტორიაზე შესვლა როგორც საქართველოს, ისე უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ძვირდება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოს მონაცემებით, 4 დაცულ ტერიტორიაზე უცხოელებისთვის შესასვლელი ბილეთის ღირებულება რიგ შემთხვევაში ორმაგდება. ამასთან, ვიზიტორთა ინტერესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, „კომბო ბილეთები“ ემატება.
დაცული ტერიტორიების სააგენტოში განმარტავენ, რომ ბილეთების ფასების განახლება, სააგენტოს საქმიანობის შემდგომი გაძლიერების მიზნით მოხდა.
- ოკაცეს ჩანჩქერსა და ნავენახევის მღვიმეში შესვლა უცვლელი იქნება, თუმცა ეს ტერიტორიები სხვა ტერიტორიებთან ერთად ერთიან „კომბო ბილეთებში“ გაერთიანება და ამ ბილეთებით ერთ ფასად მსურველს ორი ტერიტორიის მონახულება შეეძლება;
- მარტვილის და ოკაცეს კანიონებზე, სადაც ქართველებისთვის ბილეთის ფასი 12-დან 16 ლარამდე გაძვირდება, უცხოელებისთვის კი მარტვილის კანიონზე ბილეთის ფასი გაორმაგდება და 40 ლარი იქნება, ხოლო ოკაცეს კანიონზე 20-დან 30 ლარამდე გაიზრდება.
- პრომეთეს მღვიმეში შესვლის ღირებულება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის 25-დან 40 ლარამდე გაიზრდება, საქართველოს მოქალაქეებისა და რეზიდენტებისთგვის კი 13-დან 16 ლარამდე გაიზრდება. ამასთან, პრომეთეში ძვირდება უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის ნავით გადაადგილების სერვისი 30 ლარამდე, დღემდე ამის ღირებულება 20 ლარი იყო;
- სათაფლიაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებისთვის შესვლა 30 ლარამდე გაძვირდება (არსებული 20 ლარიდან); საქართველოს მოქალაქეებისთვის და რეზიდენტებისთვის - 10-დან 15 ლარამდე ძვირდება.
ფასების შესახებ დეტალური ინფორმაცია, გთხოვთ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე: shorturl.at/M1Qqz




























