დღეიდან, ვასო აბაშიძის სახელობის ახალი თეატრის საპროტესტო მანიფესტი რეგიონებში გადის.
საპროტესტო მანიფესტის სვლა დღეს ბათუმით დაიწყება. 2 თებერვალს კი სამეგრელოში, ზუგდიდში ვიზიტია დაგეგმილი.
"საპროტესტო თეატრალური მანიფესტი 1-ელ თებერვალს მოდის აჭარაში, 2 თებერვალს ჩემს დედულეთში, სამეგრელოში. მოვდივართ იმიტომ, რომ გავერთიანდეთ, ერთმანეთს გავუზიაროთ ტკივილები და რაც მთავარია, მოგისმინოთ თქვენ, რომ გავიგოთ თქვენი ხმა. თქვენ ხართ მნიშვნელოვანი და თუ ასე ერთად ვიქნებით, ბევრად იოლად გადავცურავთ ზღვას. გელოდებით ყველას",- ამბობს თეატრის ხელმძღვანელი, დავით დოიაშვილი ვიდეო მიმართვაში.
შეგახსენებთ, რომ 12 იანვარს თეატრის წარმომადგენლებმა მთავრობას ულტიმატუმი წაუყენეს, რომ პირველ რიგში ანდრო ჭიჭინაძე და ყველა უდანაშაულოდ დაკავებულები გაეთავისუფლებინათ, ამასთან ხელახალი არჩევნები ჩაენიშნათ. მოთხოვნის შეუსრულებლობის შემდეგ, ახალმა თეატრმა 23 იანვარს საპროტესტო მანიფესტი წარადგინა და რეგიონებში გასვლა დააანონსა.