35 445 პირისთვის ჩამორთმეული მართვის მოწმობებზე ამნისტია დღეიდან ამოქმედდა, ხოლო ჩამორთმეული მართვის მოწმობის საფასურის სანაცვლოდ ვადაზე ადრე აღდგენის უფლება უქმდება. ამას ითვალისწინებს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში შეტანილი ცვლილებები, რომელიც პარლამენტმა დეკემბერში მიიღო.
2026 წლიდან ის პირები, ვისაც მართვის მოწმობა სხვადასხვა დარღვევების გამო ჩამოერთმევათ, საფასურის სანაცვლოდ, მის ვადაზე ადრე აღდგენას ვეღარ შეძლებენ. ამავე ცვლილებებით, ცხადდება ამნისტია 2025 წლის 10 დეკემბრამდე ჩამორთმეულ მართვის მოწმობებზე ყველა პირს (გარდა ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო ჩამორთმევისა), ვისაც ის ჩამორთმეული ჰქონდა, მართვის მოწმობა დღეიდან აღუდგება. ხოლო იმ პირებმა, რომლებსაც მართვის მოწმობები ნარკოტიკული საშუალების მოხმარების გამო ჩამოერთვათ, ნარკოლოგიური შემოწმების გავლის შესახებ სამედიცინო ცნობა 2026 წლის 1 თებერვლამდე უნდა წარადგინონ და მართვის მოწმობა მის საფუძველზე აღიდგინონ.
სულ არსებული მდგომარეობით, სხვადასხვა მიზეზით მართვის უფლება 35,445 პირს აქვს ჩამორთმეული. აქედან 3504 ნარკოტიკული საშუალების მოხმარებისთვის.
- ალკოჰოლური თრობის საფუძვლით — 18 310;
- საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის ჩადენისა და შემთხვევის ადგილის მიტოვებისთვის — 1 134;
- ნარკოტიკული საშუალებების მოხმარებისთვის — 3 504;
- ქულების ამოწურვისთვის — 781;
- სისხლის სამართლის დანაშაულისათვის გამოტანილი განაჩენის საფუძვლით — 327;
- სხვა მიზეზებით, მათ შორის წინა ადმინისტრაციული ჯარიმის გადაუხდელობის გამო — 11 389.
აქამდე მოქმედი ნორმით, მართვის მოწმობის აღსადგენად შემდეგი საფასურები იყო განსაზღვრული (კონკრეტული დარღვევების შესაბამისად):
- სამართალდამრღვევის მიერ 2 500 ლარის გადახდა ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში;
- სამართალდამრღვევის მიერ 3 000 ლარის გადახდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში;
- სამართალდამრღვევის მიერ 5 000 ლარის გადახდა ამ მუხლის მე-7 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის შემთხვევაში.




























