მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეიდან გზებზე მანქანების ხილული გამონაბოლქვის კონტროლი იწყება: რა უნდა გაითვალისწინონ მოქალაქეებმა?”

გამონაბოლქვი

დღეიდან გარემოს დაცვის ზედამხედველობის დეპარტამენტმა ოთხი ქალაქის გზებზე ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე ხელოვნური გამონაბოლქვის კონტროლის განხორციელება დაიწყო - ამის შესახებ სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის წარმომადგენელმა ტარიელ ირემაძემ „მედიაჰოლდინგ კვირაში“ ისაუბრა.

“დღეიდან ოთხ დიდ ქალაქში, თბილისში, ქუთაისში, ბათუმსა და რუსთავში 10 ეკიპაჟი უწყვეტ რეჟიმში გადაადგილდება ქუჩებში, ნებისმიერი ტიპის ავტოსატრანსპორტო საშუალება გაჩერდება და სპეციალური მოწყობილობებით შემოწმდება გამონაბოლქვზე, იმ შემთხვევაში, თუ გაზომვის დროს აღმოჩნდება, რომ გამონაბოლქვში მავნე ნივთიერებები გადაჭარბებულია, ფიზიკური პირის შემთხვევაში საჯარიმო სანქცია განისაზღვრება 100 ლარით, 15 დღის განმავლობაში გამეორების შემთხვევაში, ჯარიმა გასამმაგდება და გახდება 300 ლარი, ხოლო, 15 დღის ვადის გასვლის შემდეგ, გადასახდელი თანხა 600 ლარი იქნება, რაც შეეხება იურიდიულ პირებს, საჯარიმო სანქცია პირველ ჯერზე 500 ლარი, განმეორების შემთხვევაში 1500, ხოლო 15-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ 3000 ლარი იქნება”, - დასძინა ირემაძემ.

ამასთან, ირემაძემ აღნიშნა, რომ რეგულაციებისთვის შეძენილია გამზომი ხელსაწყოები და აპარატურა, რომელიც აპრობირებულია ევროკავშირის ბაზარზე.

“დეპარტამენტის ეკიპაჟები აღჭურვილები არიან სხვადასხვა აპარატურით, აპარატურა გამართულია და მუშაობს კარგად, თუ ავტოსატრანსპორტო საშუალების მესაკუთრე არ დაეთანხმება შედეგებს, მას აქვს უფლება მანქანა მომდევნო 2 საათის განმავლობაში უახლოეს ტექინსპექტირების ცენტრში გადაიყვანოს, სადაც ავტომობილი მთლიანად გაივლის ტექდათვალიერებას. თუ ტექდათვალიერების შემდეგ ავტომობილზე იგივე პრობლემები იქნება აღნიშნული, საჯარიმო სანქცია ძალაში დარჩება, ხოლო, თუ აღნიშნული პრობლემები არ დადასტურდება, ამ შემთხვევაში ჯარიმის ანულირება მოხდება და გავლილი ტექინსპექტირების საფასურის გადახდაც აღარ დაეკისრება ავტო-სატრანსპორტო საშუალების მესაკუთრეს“, - ამბობს ის.

ტარიელ ირემაძის თქმით, გზებზე ტრანსპორტის გამონაბოლქვის შემადგენლობის კონტროლი ამ ეტაპზე ოთხ ქალაქში განხორციელდება, კონკრეტული დროის გასვლის შემდეგ არსებული შედეგები და ტენდენციები შეჯამდება და შედეგების საფუძველზე მოხდება კონკრეტული გადაწყვეტილებების მიღება - გაიზრდება თუ არა არეალი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები