მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან სამთავრობო პროგრამის საკომიტეტო განხილვები იწყება

პარლამენტი
05.02.24 08:31
440

საქართველოს პარლამენტისთვის მიმდინარე კვირა დატვირთული იქნება. მიზეზი მთავრობის ყოფილი ხელმძღვანელის ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომის შემდეგ მმართველი პარტია „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოს“ მიერ ახალი პრემიერ-მინისტრობის კანდიდატად ირაკლი კობახიძის და მის მიერ ახალი სამთავრობო გუნდის, ასევე ახალი სამთავრობო პროგრამის წარდგენაა, რომელსაც დეპუტატები საკანონმდებლო ორგანოში 5 თებერვლის კვირაში ფრაქციულ და კომიტეტების დონეზე მოუსმენენ და პლენარულ სხდომაზე ნდობას გამოუცხადებენ.

როგორც საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა ჟურნალისტებს განუცხადა: „ორშაბათიდან უკვე იქნება მთავრობის შემადგენლობის საკომიტეტო მოსმენები და ჩვენი გეგმაა, რომ განვიხილოთ და კვირის ბოლოსთვის კენჭი ვუყაროთ მთავრობის ახალ შემადგენლობას“.

„ქართულმა ოცნებამ“ ახალი კანდიდატი პარლამენტს 2 თებერვალს წარუდგინა, თავის მხრივ კი ირაკლი კობახიძემ მთავრობის შემადგენლობა და სამთავრობო პროგრამა „ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისთვის“ დაარეგისტრირა, რომელიც პარლამენტის ვებგვერდზე უკვე ატვირთულია.

გარდა ამისა, მიმდინარე კვირას, კერძოდ, ხვალ, 6 თებერვალს პარლამენტის საგაზაფხულო სესია გაიხსნება. საკანონმდებლო ორგანოს ვებგვერდზე ასევე აიტვირთა მიმდინარე კვირაში დაგეგმილი შეხვედრების განრიგიც. დოკუმენტის მიხედვით:

  • 5 თებერვალს 10 საათიდან იურიდიულ საკითხთა, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტების ერთობლივი სხდომა გაიმართება;
  • ამავე დღეს 15 საათიდან ჩანიშნულია განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდულ საქმეთა, კულტურის, სპორტის და ჯანდაცვის კომიტეტებზე, განათლების, ასევე კულტურისა და სპორტის და ჯანდაცვის მინისტრების მოსმენა;
  • 6 თებერვალს კომიტეტები გაერთიანებულად მინისტრებს 16 საათიდან მოუსმენენ, კონკრეტულად კი აგრარულ საკითხთა, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების, დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის, ასევე რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის და საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტებზე მოუსმენენ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის, ეკონომიკის, ფინანსთა და რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრებს.
  • 7 თებერვალს - ოთხშაბათს, მოსმენები 10 საათიდან დაიწყება. დიასპორისა და კავკასიის საკითხთა, ევროპასთან ინტეგრაციის და საგარეო ურთიერთობების კომიტეტებზე საგარეო საქმეთა მინისტრს მოუსმენენ;
  • ამავე დღეს 15 საათიდან კი ფრაქცია ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გაერთიანებული ოპოზიცია „ძალა ერთობაშია“ და ოპოზიციური პოლიტიკური ჯგუფები მთავრობის შემადგენლობას მოუსმენენ.
  • 8 თებერვალი დასკვნითი დღე იქნება, როდესაც 10 საათზე ფრაქცია „ქართული ოცნება“ და პოლიტიკური ჯგუფი „ხალხის ძალა“ მთავრობის შემადგენლობას მოუსმენენ, სადაც პრემიერობის კანდიდატი გამოვა;
  • 11:45 საათზე ბიუროს სხდომა გაიმართება
  • 12 საათზე კი პარლამენტის პლენარულ სხდომაზე კვლავ პრემიერობის კანდიდატი ირაკლი კობახიძე თავისი სამთავრობო გუნდით წარდგება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები