მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან, სებ-ი, როგორც ინსტიტუტი, ხართ ივანიშვილის კანტორა - აკაკი ცომაია

წერტილი

ეკონომისტი აკაკი ცომაია ოთარ ფარცხალაძესთან დაკავშირებით ეროვნული ბანკის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას აფასებს. საქმე ის არის, რომ გუშინ სებ-მა შეცვალა 18 სექტემბერს მიღებული გადაწყვეტილება და გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

„1. ცხადია, ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება გარკვეულ ზიანს აყენებს საფინანსო სისტემის უსაფრთხოებას (იხ. მე4 პუნქტი). თუმცა, არასწორია იმის მტკიცება, რომ ეს ფაქტი ჩამოშლის საბანკო სისტემას. 
2. კომერციული ბანკები ვერ გადაურიცხავენ ფარცხალაძეს უცხოურ ვალუტას ვერსად. ეს უბრალოდ სიგიჟე იქნება. სავარაუდოდ, ფარცხალაძე თანხას გაიტანს და აქ ყველა ანგარიშს დახურავს.
3. მთავარი ისაა, რომ ყველაზე მეტად ქვეყნის საერთაშორისო რეპუტაცია ზიანდება, რადგან ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მაძიებელი ქვეყანა უგანდას, ბელორუსისა და ამ ტიპის ქვეყნების კატეგორიაში ხვდება, როდესაც დასანქცირებული პირს აძლევს ქვეყანაში საბანკო ანგარიშებზე წვდომის შესაძლებლობას. ეს ბევრად უფრო დიდი საფრთხეა. 
4. საფინანსო სისტემის უსაფრთხოება ზიანდება, რადგან შესაძლოა, ქართული ბანკების ფასიანი ქაღალდების ფასი შემცირდეს ლონდონის საფინდო ბირჟაზე. არავინ იცის, სინამდვილეში რა მოხდება. სებ-ის გადაწყვეტილებამ რისკი წარმოქმნა, პოტენციური საფრთხე. 
- სავარაუდოდ, სებ-ის ეს გადაწყვეტილება გავლენას მოახდენს სავალუტო ფონდთან და სხვა საფინანსო ინსტიტუტებთან ურთიერთობაზეც. 
- არავინ იცის, რეაქცია ექნება თუ არა აშშ-ს ხაზინას. ჩემი აზრით, ალბათ არა, მაგრამ მე არა ვარ აშშ-ს ხაზინა. მაგრამ დროულად შეწყვიტეთ ბოდვა იმის შესახებ, რომ ხვალიდან ყველა დაიწყებს ბანკებიდან ფულის გატანას. როდესაც ამას განსაკუთრებით ჟურნალისტები აჟღერებთ პირდაპირ ეთერში დამაჯერებელი ტონითა და გამომეტყველებით, შეიძლება თქვენ გამოიწვიოთ პანიკა.
5. იმედია, თურნავა აცნობიერებს, რომ აწი თავადაც შეიძლება იქცეს დასანქცირების პოტენციურ კანდიდატად.
7. მნიშვნელობა არა აქვს თურნავამ ერთპიროვნულად მიიღო თუ არა ეს გადაწყვეტილება. დღეიდან, სებ-ი, როგორც ინსტიტუტი ხართ ბიძინას კანტორა“, - წერს აკაკი ცომაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ:  მიმდინარე წლის 18 სექტემბერს, ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ყოფილ მთავარ პროკურორს ოთარ ფარცხალაძეს მის საკუთრებაში არსებულ საბანკო ანგარიშებზე წვდომა შეეზღუდა. საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ BMG-ისთვის მოწოდებული განმარტების თანახმად, აღნიშნულს საერთაშორისო ფინანსური სანქციების აღსრულების მექანიზმი ითვალისწინებს.

19 სექტემბერს კი სებ-მა გამონაკლისი ბრძანება გამოსცა, რის მიხედვითაც სანქცირებულ ოთარ ფარცხალაძეს საბანკო ანგარიშებზე წვდომა აღუდგება.

ახალი ბრძანების თანახმად, სანქცირებულ საქართველოს მოქალაქეებთან დაკავშირებით სანქციები შედის ძალაში, თუკი მათ წინააღმდეგ გადაწყვეტილებას სასამართლო მიიღებს. შესაბამისად, სანქცირებული ყოფილი მთავარი პროკურორის, ოთარ ფარცხალაძის მიმართ ტრანზაქციების შეზღუდვა ამოქმედდება მაშინ, თუკი ქართული სასამართლო მის წინააღმდეგ გამამტყუნებელ გადაწყვეტილებას მიიღებს.

ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ამერიკის შეერთებულმა შტატებმა  საქართველოს ყოფილი მთავარი პროკურორი, ოთარ ფარცხალაძე დაასანქცირა - მისი სახელი აშშ-ის ხაზინის SDN სიაში, ანუ სანქცირებულ პირთა სიაში მოხვდა. ფარცხალაძე საქართველოს და რუსეთის ფედერაციის ორმაგი მოქალაქეა. სანქცია უკრაინის ომის გამო, რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების პაკეტის შემადგენელია.

სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში ფარცხალაძე ნახსენებია როგორც ქართველი-რუსი ოლიგარქი, რომელიც რუსეთის ეკონომიკის მართვის საკონსულტაციო სექტორში საქმიანობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები