2025 წლის 1 იანვრიდან თამბაქოზე აქციზის განაკვეთი იზრდება. შესაბამისი ცვლილება ქართული ოცნების ერთპარტიულმა პარლამენტმა 2024 წლის დეკემბერში დაამტკიცა.
ამ ცვლილებით 20 თეთრით გაიზარდა აქციზი სიგარეტზე, რაც 1.90 ლარს მიაღწევს, ხოლო გასახურებელ თამბაქოზე აქციზის მატება 15 თეთრით არის დაგეგმილი, რის შედეგადაც ის 1.85 ლარს მიაღწევს.
კანონპროექტის ავტორების მიერ მომზადებული განმარტებითი ბარათის თანახმად, აქციზის მატებით 2025 წლის ბიუჯეტში სიგარეტის აქციზიდან 77 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი შევა, ხოლო გასახურებელი თამბაქოს აქციზიდან 5.5 მილიონი ლარით მეტი შემოსავალი, რაც ჯამურად 83.5 მილიონის საგადასახადო შემოსავლის მატებას ნიშნავს.
2024 წელს თამბაქოს აქციზიდან ბიუჯეტში სულ 1.1 მილიარდი ლარის საგადასახადო შემოსავალი შევიდა, რაც მომდევნო წელს ამ ცვლილების გათვალისწინებით სავარაუდოდ 1.2 მილიარდ ლარამდე გაიზრდება.