ფინანსთა სამინისტროს ხაზინამ 2025 წლის ბიუჯეტის შესრულების დეტალური ანგარიში გამოაქვეყნა, რომლის მიხედვითაც გასული წლის განმავლობაში თამბაქოს ნაწარმიდან ბიუჯეტში შესული თანხა 222 მილიონ ლარზე მეტად გაიზარდა და მან 1.47 მილიარდ ლარს მიაღწია.
ამასთან, შემოსავლების სამსახურის მონაცემებით, გაცემული აქციზური მარკების რაოდენობა 19.5%-ით გაიზარდა და მან 425 მილიონს მიაღწია. შესაბამისად ერთი კოლოფიდან საშუალოდ ბიუჯეტში შესული სააქციზო შემოსავალი გასულ წელს 3.47 ლარს შეადგენდა.
შემოსავლების სამსახურის თანახმად, იმპორტირებულ პროდუქტებზე გაცემული აქციზების რაოდენობა 395 მილიონს შეადგენდა (ზრდა 20%), ხოლო ადგილობრივ პროდუქტებზე გაცემული მარკების რაოდენობა 30 მილიონს შეადგენდა, რაც წლიურად 17%-ით გაიზარდა.
მთლიანობაში 2025 წელს იმპორტირებული პროდუქტების სააქციზო შემოსავალი 1.4 მილიარდ ლარს შეადგენდა (ზრდა 203 მილიონი ლარი), ადგილობრივი თამბაქოს ნაწარმის სააქციზო შემოსავალი კი 66 მილიონი ლარი იყო.
თამბაქოს აქციზის შემოსავალში პირველ პოზიციას ადვალური გადასახადი იკავებს, რაც 2025 წელს მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, პროდუქტის სარეალიზაციო ფასის 30%-ს შეადგენდა. ადვალური აქციზის შემოსავალი გასულ წელს 722 მილიონი ლარი იყო. აქციზის ფიქსირებული კომპონენტის მოსაკრებელი კი 2025 წელს კოლოფზე 1.9 ლარს შეადგენდა, ფიქსირებული აქციზის შემოსავალი გასულ წელს 682 მილიონი ლარი იყო იმპორტირებული პროდუქტებისთვის, ადგილობრივი ნაწარმისთვის კი 66 მილიონი ლარი.
2026 წლიდან კი თამბაქოს დაბეგვრის წესი შეიცვალა - იმპორტულ საქონელზე ფიქსირებული აქციზი კოლოფზე 1.9 ლარიდან 2.75 ლარამდე გაიზარდა, ხოლო ადვალური გადასახადი კი შემცირდა 30%-დან 20%-მდე. ამასთან ადგილობრივი წარმოების პროდუქტებზე დადგინდა საგადასახადო შეღავათი - ადგილობრივი მწარმოებლებისთვის 2026 წელს წარმოებული პირველი 35 მილიონი კოლოფისთვის შემცირებული აქციზი იმოქმედებს, ხოლო მათი ადვალური აქციზი კი 15%-ით განისაზღვრება.
ამასთან მნიშვნელოვანია გარემოება, რომ პარლამენტმა ადგილობრივი თამბაქოს ინდუსტრიისთვის თამბაქოს ნედლეულის იმპორტზე შეღავათი 2028 წლამდე გაახანგრძლივა.




























