თბილისის მერიის ცნობით, რუსთაველის გამზირზე მიმდინარე სამუშაოებისა და მტკვრის მარცხენა სანაპიროზე დაგეგმილი ნაპირსამაგრი პროექტის გამო, დედაქალაქის რამდენიმე ქუჩაზე საავტომობილო მოძრაობა დროებით შეიზღუდება.
მერიის განცხადებით, შეზღუდვები 5 ნოემბრის 00:00 საათიდან ამოქმედდა და რამდენიმე ეტაპად განხორციელდება.
5 ნოემბრიდან ჭოველიძის, ზანდუკელისა და ძმები კაკაბაძეების ქუჩების მიმართულებით ტრანსპორტის გადაადგილება შეიზღუდება:
5 ნოემბრის 00:00 საათიდან 9 ნოემბრის 00:00 საათამდე: მერაბ კოსტავას ქუჩიდან (მეტროსადგურ „რუსთაველის“ მხრიდან) მოძრავი სატრანსპორტო საშუალებებისთვის თამარ ჭოველიძის ქუჩაზე მარცხნივ მოხვევა შეიზღუდება.
ალტერნატიული მარშრუტი: აღნიშნული მიმართულებით მოძრავი ავტომობილები, მათ შორის №408 და №420 მიკროავტობუსები, ჭოველიძის ქუჩაზე მოხვედრას კოსტავას ქუჩიდან იაკობ ნიკოლაძის ქუჩაზე ასვლითა და შემდგომ პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით შეძლებენ.
5 ნოემბრიდან 15 დღის განმავლობაში: შეიზღუდება მიხეილ ჯავახიშვილის ქუჩიდან ძმები კაკაბაძეებისა და მიხეილ ზანდუკელის ქუჩებისკენ გადაადგილება.
ალტერნატიული მარშრუტი: ზანდუკელის ქუჩაზე მოხვედრა შესაძლებელი იქნება ჯავახიშვილის ქუჩაზე მოტრიალებით, შემდეგ კი მერაბ კოსტავას, ნიკო ნიკოლაძის ქუჩებისა და პეტრე მელიქიშვილის გამზირის გავლით, თამარ ჭოველიძის ქუჩის მიმართულებით.
მტკვრის მარცხენა სანაპირო
გარდა ამისა, მტკვრის მარცხენა სანაპიროზე, კოსმონავტების სანაპიროს №13ა-ს მიმდებარედ მდინარის ნაპირსამაგრი სამუშაოები იწყება.
დაგეგმილი პროექტის გამო, 5 ნოემბრის 00:00 საათიდან სამი თვის განმავლობაში, გზის სავალი ნაწილის ერთ სამოძრაო ზოლში გადაადგილება შეიზღუდება.
თბილისის მერია შექმნილი დისკომფორტის გამო მოქალაქეებს ბოდიშს უხდის.























