მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეიდან თიბილისი-კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება - რა ღირს ბილეთი?

norw

დღეიდან, 27 ივნისიდან, თბილისიდან დანიის დედაქალაქის, კოპენჰაგენის მიმართულებით პირდაპირი ფრენები იწყება. რეისებს ბიუჯეტური ავიაკომპანია Norwegian Air ასრულებს, რომელსაც საქართველოს აეროპორტების გაერთიანებამ რეგულარული საჰაერო ხაზის ამოქმედებისთვის 400,000 ევრო შესთავაზა, ფინანსური სტიმულის სახით.

შესაბამისად, Norwegian-ი თბილისის საერთაშორისო აეროპორტსა და კოპენჰაგენს შორის რეისების შესრულებას დაიწყებს, ხოლო საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავიაკომპანიას თითოეულ ჩამოყვანილ მგზავრზე სპეციალურ "სტიმულს" გადაუხდის 60 ევროს სახით.

რა ღირს ბილეთი?

Norwegian-ის ვებგვერდის თანახმად, უახლოეს თარიღებში (ივნისი-აგვისტო) თბილისიდან ბილეთის ფასი 81 ევროდან იწყება და 313 ევროს აღწევს - რეისები კი კვირაში ორი სიხშირით ოთხშაბათს და შაბათს სრულდება.

რაც შეეხება უკან დასაბრუნებელ ბილეთს, დღევანდელ თარიღზე (27 ივნისი) ის 530 ევროთია განსაზღვრული, თუმცა ივლის-აგვისტოს პერიოდში 121 ევროდან 325 ევრომდე მერყეობს.

რა პირობებით თანამშრომლობს აეროპორტების გაერთიანება Norwegian Air-თან?

ხელშეკრულების თანახმად, პირველი საოპერაციო პერიოდის განმავლობაში, რომელიც 2026 წლის 27 ივნისიდან 27 სექტემბრამდე გაგრძელდება, Norwegian-ი თითოეულ შემომყვან მგზავრზე 60 ევროს მიიღებს. ამავე პერიოდში გადასახდელი სტიმულის მაქსიმალური თვიური ოდენობა 66,667 ევროთი განისაზღვრა.

შემდგომ ეტაპზე, 2026 წლის 28 სექტემბრიდან 27 დეკემბრამდე, სუბსიდია ერთ მგზავრზე 35 ევრომდე შემცირდება, ხოლო თვიური ლიმიტი 40,000 ევრო იქნება. მესამე ეტაპზე, 2026 წლის 28 დეკემბრიდან ხელშეკრულების დასრულებამდე, ავიაკომპანია თითოეულ მგზავრზე 15 ევროს მიიღებს, მაქსიმალური თვიური ლიმიტი კი 13,333 ევრო იქნება.

დოკუმენტის მიხედვით, ხელშეკრულების ფარგლებში Norwegian-ისთვის გადასახდელი სტიმულის საერთო მოცულობა 400,000 ევროს არ უნდა აღემატებოდეს, მიუხედავად იმისა, რამდენ მგზავრზე იქნებოდა თანხის დარიცხვა შესაძლებელი.

ფინანსური მხარდაჭერის მისაღებად ავიაკომპანიამ ყოველთვიურად მინიმუმ ორი რეგულარული რეისი უნდა შეასრულოს. ხელშეკრულება ასევე ითვალისწინებს, რომ რეისების გაუქმების ან შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულებების შეუსრულებლობის შემთხვევაში, შესაბამისი თვის სტიმულის გადახდა აღარ მოხდება.

ცნობისთვის, საქართველოდან, კერძოდ ქუთაისიდან კოპენჰაგენის მიმართულებით რეისებს WIZZAIR-ი ასრულებდა, თუმცა გასულ წელს აღნიშნული რეისები შეწყდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები