აგრარულ საკითხთა კომიტეტის გამართულ სხდომაზე სოფლის განვითარების სააგენტოს დირექტორმა დავით წითლიძემ არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ დღევანდელი მონაცემებით, 7000 ტონაზე მეტი არასტანდარტული ვაშლია ჩაბარებული.
“არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამა ახლაც მიმდინარეობს და დეკემბერში დასრულდება. შარშან 14 საწარმო იყო ჩართული, წელს 11 საწარმოა, რომელიც არასტანდარტულ ვაშლს იბარებს, ეს რიცხვი წლის განმავლობაში შესაძლოა გაიზარდოს. დღეისთვის 7000 ტონაზე მეტი ვაშლია ჩაბარებული, გასული წლის მონაცემებით, არასტანდარტული ვაშლის რიცხვი 72 ათასი ტონა იყო", - აღნიშნა დავით წითლიძემ
ამასთან, კომიტეტის სხდომაზე წარდგენილ ანგარიშში ნაჩვენებია, რომ 2023 წლის მონაცემებით, 7,070,273 კგ ვაშლია ჩაბარებული, რისი მთლიანი ღირებულებაც 1,9 მლნ ლარია, ხოლო სუბსიდიის თანხა - 707,027 ლარი. 2023 წლის გეგმით, არასტანდარტული ვაშლის მოსავლის რეალიზაციის ხელშეწყობის პროგრამისთვის გამოყოფილი იქნა 7 მლნ ლარი, 17 ოქტომბრის მდგომარეობით, ამ თანხის 31,88% არის ათვისებული.