საქართველოდან მოცვის ექსპორტი მზარდი ტენდენციით გამოირჩევა. გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 2024 წლის 1 მაისიდან 16 ივნისის ჩათვლით, უკვე ექსპორტირებულია 1.8 ათასი ტონა მოცვი, რომლის ღირებულებამ 11.4 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
„გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.4 ათასი ტონით (4.5-ჯერ), ხოლო ღირებულება - 8.7 მლნ აშშ დოლარით (4.2-ჯერ) გაიზარდა“, - ნათქვამია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
უნდა აღინიშნოს, რომ წლის პირველი ოთხი თვის განმავლობაში მოცვის ექსპორტი მცირე იყო და ქვეყნის საზღვრებს გარეთ სულ 183.5 ათასი დოლარის ღირებულების 16 ტონა მოცვი გავიდა. ამ პერიოდისთვის ერთადერთი საექსპორტო ქვეყანა სომხეთი იყო.
ექსპორტის პირველი ხუთი თვის შედეგებს საქსტატი 19 ივნისს გამოაქვეყნებს.