მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოცვის 10%-ზე მეტი უკვე EU-შია ექსპორტირებული და 98% რუსეთში აღარ გადის - ასოციაცია

ექსპორტი

ლურჯი მოცვის მოსავლის 10%-ზე მეტი უკვე ევროკავშირშია ექსპორტირებული. ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის ინფორმაციით, საქართველოდან ევროკავშირსა და დიდ ბრიტანეთში წელს დაახლოებით 500 ტონა ლურჯი მოცვი გადაიტვირთება.

ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის პრეზიდენტი თორნიკე ფანჯავიძე „საქმის კურსთან“ ინტერვიუში ამბობს, რომ ასოციაციიდან მოცვის 50%-ზე მეტი სწორედ ევროკავშირში გავიდა ექსპორტზე და მოცულობების 98% აღარ გადის რუსეთში.

„აქამდე ძირითადად მოცვის ექსპორტი ჩვენს მეზობელ სახელმწიფოში ხდებოდა, წელს იყო პირველი დიდი ექსპორტი, რომელიც საქართველოდან ჩვენი ასოციაციის მიერ დაორგანიზდა ევროკავშირში. 2023 წელს ვცადეთ რაღაც რაოდენობები გაგვეგზავნა, რომ გამოცდილება შეგვეძინა, რადგან რთულია შორ მანძილზე მოცვის ტრანსპორტირება. წელს მოვახერხეთ 500 ტონაზე მეტი მოცვის გატანა, რაც ნიშნავს, რომ მთლიანი მოსავლიანობის 10%-ზე მეტი უკვე ევროპაში გავიდა და აღარ არის, რომ 98% გადის რუსეთში.

ჩვენი ასოციაციიდან 50%-ზე მეტი მოცვი წავიდა ევროპაში. რა თქმა უნდა, არის დაბრკოლებები ევროპაში გატანაზე, რადგან აუცილებლად უნდა იყოს ხარისხიანი და მკვრივი მოცვი, რომ ტრანსპორტირებას გაუძლოს. ევროპაში ქართულ მოცვს უკვე იცნობენ და იგეგმება უკვე აზიის ბაზრების აქტიური ათვისება. მოლაპარაკებებს ვაწარმოებთ ინდოეთთანაც, ჩინეთთანაც და ა.შ ვფიქრობთ, მოსავლიანობის ზრდასთან ერთად შევძლებთ ბაზრების დივერსიფიკაციას და სხვა გეოგრაფიულ არეალებში გატანას“,-აცხადებს ფანჯავიძე.

რაც შეეხება მოცვის საექსპორტო ფასს, მისი თქმით, ევროპის ბაზარი ფასის სტაბილურობით გამოირჩევა და ხარჯების გარეშე ქართული მოცვის სარეალიზაციო ფასი 4-4,5 დოლის ფარგლებში მერყეობს.

ბაზრების დივერსიფიცირებაზე საუბრისას ლურჯი მოცვის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ამბობს, რომ რუსეთის ბაზრის ჩანაცვლება არ უნდა იყოს მწარმოებლების თვითმიზანი, რადგან ყოველთვის იქნება ისეთი ხარისხის და ჯიშის მოცვი, რომელიც ტრანსპორტირებას ვერ უძლებს და აუცილებელია ან ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდოს, ან უახლოეს ბაზარზე როგორიც რუსეთია.

„რუსეთის ჩანაცვლება არ უნდა იყოს თვითმიზანი, რადგან ყოველთვის იქნება ისეთი მოცვი, რომელიც ტრანსპორტირებას ვერ უძლებს. აუცილებელია ან ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდოს, ან უახლოეს ბაზარზე, რომელიც ქვეყანას აქვს. ამ შემთხვევაში ეს არის რუსეთი. რაც შეეხება ბაზრების დივერსიფიცირებას, მთავარია 50%-ზე ნაკლები გადიოდეს რუსეთში და დანარჩენი უფრო მაღალ ფასად იყიდებოდეს ევროპაში, აზიის ბაზრებზე და მთლიანად მოვიცვათ გეოგრაფიული არეალი. არ ვფიქრობ, რომ პირობითად 100% რუსეთის ჩანაცვლება შესაძლებელია. ყოველთვის იქნება ისეთი მოცვი და ისეთი ჯიშები, რომელიც ვერ გაუძლებს ევროპაში ტრანსპორტირებას, არც აზიის ბაზარზე იქნება მოთხოვნადი და შესაძლებელია რუსეთში ან ადგილობრივ ბაზარზე გაიყიდოს“,-აცხადებს ფანჯავიძე.

მისი თქმით, კარგი ტენდენციაა ის, რომ ახალი ისეთი ჯიშების ბაღები შენდება და ისეთი სტანდარტის, რომ რუსეთზე არ გახდება დამოკიდებული, თუმცა არსებული ბაღების 70% ბაღები ისეთი ჯიშისაა, რომ ვერ უძლებს ტრანსპორტირებას და დარჩება ახლო ბაზრებზე.

„მოცვის სეზონი დამთავრდა. ჩემი ინფორმაციით, 3000 ჰექტარზეა ლურჯი მოცვი გაშენებული, ჯამური ექსპორტი კი 5 ათას ტონამდე ავა. მეტ-ნაკლებად წარმატებული სეზონი იყო. ვფიქრობთ, 7-8 ათასი ტონა მოცვი იქნება შემდეგ წელს და 2-3 ჯერ გავზრდით ექსპორტს ევროკავშირში“,-აცხადებს თორნიკე ფანჯავიძე.

ოფიციალური სტატისტიკით, წელს ექსპორტზე 4 300 ტონა მოცვია ექსპორტირებული, რომლის ღირებულებამ 25.5 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ეკონომიკის სამინისტროს მონაცემებით, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.7 ათასი ტონით, ანუ 68%-ით, ხოლო ღირებულება - 9.9 მლნ აშშ დოლარით - ანუ 63%-ით გაიზარდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები