დღეს, 17:00 საათზე ადრეული განათლების სპეციალისტები, თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ. ამის შესახებ ინფორმაციას ისინი სოციალური ქსელის საშუალებით ავრცელებენ.
მათი განმარტებით, დღეს დუმილთან ერთად უმოქმედობა დანაშაულია, შესაბამისად ისინი ადრეული განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს და ადრეული ასაკის ბავშვების მშობლებს მოუწოდებენ, რომ ბრძოლის სწორ მხარეს დადგნენ.
"ახლა 8 წლამდე ბავშვების ხმაც უნდა ისმოდეს!!
ადრეული განათლების სპეციალისტები დღეს აქციას ვმართავთ, რომელიც საბოლოოდ შეუერთდება საერთო დიდ აქციას. ვინც ხართ 8 წლამდე ბავშვებზე მზრუნველები - მშობლები, ბებია-ბაბუები, მასწავლებლები, თერაპევტები - შემოგვიერთდით და წამოიღეთ თქვენი ბავშვის ნახატი, რომელიც მისი ხმა იქნება.
2 დეკემბერს, 17:00 საათზე ადრეული განათლების სპეციალისტები თბილისის მერიის წინ საპროტესტო აქციას გამართავენ. „კატეგორიულად ვგმობთ ძალადობრივ და უკანონო პროცესებს, რომელიც ჩვენს ქვეყანაში მიმდინარეობს. დღეს დუმილთან ერთად უმოქმედობა დანაშაულია! ჩვენ, ადრეული განათლების სპეციალისტები და ამ სფეროში დასაქმებულები წლებია ვიბრძვით და დაუღალავად ვმუშაობთ სისტემაში ხარისხისა და მისაწვდომობის გასაუმჯობესებლად. მიუხედავად, ჩვენი გაწეული თავდაუზოგავი შრომისა რეჟიმის ჩარჩოებში ჩვენი შრომის შედეგები წყალში იყრება. ყოველდღე ადრეული განათლების სფეროში არსებული პრობლემების გადაჭრა სიბნელეში ხელის ცეცებას ემსგავსება! ეს კი შეუქცევადად აისახება ჩვენი ბავშვების განვითარების, განათლებისა და დაცვის ფუნდამენტური უფლებების რეალიზებაზე.
ნაცვლად იმისა, რომ ბოლო წლებში მომხდარიყო საბავშვო ბაღის აღმზრდელებისა და სხვა თანამშრომლებისათვის ჯანსაღი სამუშაო პირობების შექმნა და შრომის შესაბამისი ხელფასის განსაზღვრა, საბავშვო ბაღების თემი გამოიყენება პოლიტიკური პროცესების მხარდამჭერ ინსტრუმენტად, რაც ბღალავს ადრეული განათლების მუშაკის სახელს და ხელს უშლის მათ შეასრულონ თავიანთი საქმიანობა კეთილსინდისიერად ბავშვების და ქვეყნის წინაშე. ადრეული განათლების სფეროზე დგას მომავალი მოქალაქის ჩამოყალიბება და ფორმირება, ვინაიდან წარმოვადგენთ ფუნდამენტს, რაზედაც უნდა დაშენდეს ეროვნული იდენტობა და საზოგადოება!
ვთხოვთ და მოვუწოდებთ ადრეული განათლების სპეციალისტებს, საჯარო და კერძო საბავშვო ბაღების თანამშრომლებს, ადრეული განათლების სფეროში მომუშავე ადამიანებს და ადრეული ასაკის ბავშვების მშობლებს დადგნენ ამ ბრძოლაში სწორ მხარეს! მტკიცედ და პრინციპულად, როგორც არასდროს!გავაგონოთ ჩვენი და ჩვენი ბავშვების ხმა სრულიად სამოქალაქო საზოგადოებას და ვაჩვენოთ ჩვენს ბავშვებს სიმამაცისა და სიმტკიცის მაგალითი! აქციაზე მონაწილეებს ვთხოვთ, გამოვიტანოთ ჩვენი ბავშვების ნახატები თავისუფალ საქართველოზე, მათ ნატვრასა და სურვილებზე! ვანახოთ ყველას, თუ როგორ საქართველოში სურთ ბავშვებს ცხოვრება", - ვკითხულობთ განცხადებაში.