თბილისის 21-ე საჯარო სკოლასთან, ე.წ. მე-6 გიმნაზიასთან, მშობლები საპროტესტო აქციას მართავენ. მათი მთავარი მოთხოვნა სკოლის მდგომარეობის ხელახლა, დამოუკიდებელი ექსპერტების მონაწილეობით შეფასება და მთელი სკოლის ერთ შენობაში განთავსებაა.
როგორც აქციის მონაწილე მასწავლებელი მაია ბურჭულაძე "tv პირველის" ეთერში აცხადებს, არსებული ექსპერტიზის მიმართ უნდობლობა რამდენიმე გარემოებას უკავშირდება. მისი თქმით, სკოლაში დაახლოებით ორი წლის წინ ჩატარებული შეფასების შემდეგ, შენობა სწავლისთვის ვარგისად ჩაითვალა, ახლა კი მშობლებს აცნობეს, რომ სკოლა ავარიულია.
„ექსპერტიზის მიმართ უნდობლობა გვაქვს, რადგან 2022-2023 წლებში სკოლაში ექსპერტიზა უკვე ჩატარდა. მაშინ მასწავლებლების უმრავლესობა აკრედიტაციაში ვმონაწილეობდით და ყველას კარგად გვახსოვს, რომ მოვიდა დასკვნა - სკოლა ვარგისია და შეგვეძლო სწავლის გაგრძელება. სულ რაღაც ორი წლის შემდეგ კი გვეუბნებიან, რომ სკოლა ავარიულია. ამიტომ ჩნდება კითხვა, როგორ შეიძლება ვარგისი მდგომარეობიდან სკოლა ორ წელიწადში ასეთ მდგომარეობამდე მივიდეს. ჩვენთვის ეს გაუგებარია და სწორედ ამიტომ ვითხოვთ ალტერნატიულ ექსპერტიზას. ჩვენ ორივე მოთხოვნას ვაყენებთ - გვინდა ალტერნატიული ექსპერტიზა და ასევე ვითხოვთ ერთ საერთო შენობას, სადაც მთელი სკოლა გადავა. ჩვენს სკოლას თავისი სპეციფიკა აქვს, საგნობრივი სწავლებაა და რამდენიმე სხვადასხვა სკოლაში გადანაწილება პრაქტიკულად ვერ მოგვცემს შესაძლებლობას, სასწავლო პროცესი სრულფასოვნად გავაგრძელოთ. ამიტომ გვინდა ერთი შენობა, სადაც მთელი სკოლა განთავსდება.
რაც შეეხება თავად შენობის მდგომარეობას, მასწავლებლები ერთხმად ვფიქრობთ, რომ სკოლა გარეგნულად ავარიული არ ჩანს. რა თქმა უნდა, სარეაბილიტაციო სამუშაოები საჭიროა და ამას დიდი ხანია ვამბობთ. ჩვენ იმასაც ვითხოვდით, რომ ზაფხულის პერიოდში, სამი თვის განმავლობაში, შესაძლებელი ყოფილიყო საჭირო სამუშაოების ჩატარება. თუმცა ეს შესაძლებლობა მაშინ არ განიხილეს და სწავლის დაწყებიდან მესამე დღეს გვეუბნებიან, რომ სკოლა ავარიულია და სასწავლო პროცესი დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - აცხადებს აქციის მონაწილე.
პედაგოგის თქმით, სკოლაში სწავლის შეწყვეტის შესახებ ინფორმაცია მშობლებმა და მასწავლებლებმა 17 სექტემბერს, სწავლის დაწყებიდან რამდენიმე დღეში მიიღეს. როგორც ის ამბობს, მათ ტელეფონით შეატყობინეს, რომ მეორე დღიდან სკოლა უნდა დაეცალათ, რადგან შენობა ავარიულად იყო მიჩნეული.
აქციის მონაწილეების ინფორმაციით, საინიციატივო ჯგუფის წარმომადგენლები საკითხზე განათლების სამინისტროსთან შეხვედრასაც ელოდებიან.























