ოთხი ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლებმა ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან ოფიციალური შეხვედრა რამდენიმე წუთის წინ დაასრულეს. როგორც პარტიების ლიდერები "TV პირველთან" აცხადებენ, მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები, რის შემდეგაც საზოგადოებას სამოქმედო გეგმას მიაწოდებენ.
"ჩვენი პოზიცია არის მყარი, გავცვალეთ აზრები და ვფიქრობ, ვთანხმდებით მნიშვნელოვან დებულებებზე, დღეს აუცილებლად გვექნება კონკრეტული გეგმა საზოგადოებისთვის, თუ რა ნაბიჯებს გადავდგამთ", - განაცხადა "ერთობა - ნაციონალური მოძრაობის" წევრმა გიორგი ვაშაძემ.
შეხვედრას ესწრებოდა "ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე თინა ბოკუჩავაც, რომლის თქმითაც, კონსულტაციები უახლოესი საათების განმავლობაში კვლავ გაგრძელდება.
"ჩვენ ყველამ ძალიან კარგად ვიცით, რომ გუშინდელ არჩევნებში გაიმარჯვა ქვეყნის ევროპულმა არჩევანმა, ხალხმა ნდობის მანდატი მისცა კოალიციურ პროდასავლურ ხელისუფლებას და არა ივანიშვილის რუსულ ერთპარტიულ მმართველობას. როგორც ჩვენ გუშინ განვაცხადეთ, "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა" არ აღიარებს ამ არჩევნებს.
გვქონდა ძალიან მნიშვნელოვანი შეხვედრა პრეზიდენტთან, გვაქვს ძალიან ინტენსიური კონსულტაციები, რაც გაგრძელდება უახლოეს საათებში და იმედი მაქვს, იქნება სრული ერთიანობა პროდასავლურ ოპოზიციურ ფრონტზე", - განაცხადა თინა ბოკუჩავამ.
პრეზიდენტთან შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ კოალიცია "ცვლილებებისთვის" ლიდერი ნიკა გვარამია. მედიის ცნობით, პრეზიდენტს შეხვდნენ "ძლიერი საქართველოსა" და "გახარია საქართველოსთვის" პარტიების წარმომადგენლები, თუმცა მათ მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.