"კრიპტოვალუტის საქმეზე" ბიძინა ივანიშვილი დისტანციურად დღეს დაიკითხება. სხდომა 09:30 საათზე დაიწყება.
ივანიშვილმა დისტანციურად დაკითხვა უსაფრთხოების ნორმების დაცვის გამო და ასაკიდან გამომდინარე მოითხოვა. შუამდგომლობას მოსამართლემ დააკმაყოფილა, რასაც არ ეთანხმება გიორგი ბაჩიაშვილის მხარე. მათი თქმით, მიუღებელია საგამონაკლისო წესი, რადგან დისტანციურად ჩართვისთვის მხოლოდ ორი გარემოება შეიძლება არსებობდეს, ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობა, ან ქვეყნის ფარგლებს გარეთ ყოფნა.
განახლება:
სხდომის დახურვის შუამდგომლობა პროკურატურამ დააყენა და ივანიშვილი ჩვენებას დახურულ სხდომაზე აძლევს.
შეგახსენებთ, გიორგი ბაჩიაშვილს “ქართული ოცნების” დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის კრიპტოვალუტის მითვისებას ედავებიან. პროკურატურის მტკიცებით, საქმე ეხება 2017 წლის ქმედებას. კერძოდ, გამოძიების ცნობით, გიორგი ბაჩიაშვილმა ინვესტორს ჩადებული ინვესტიციიდან მიღებული სრული მოგების სანაცვლოდ, მხოლოდ 536 900 დოლარი გადასცა, ხოლო დარჩენილი, ინვესტორის კუთვნილი, 8 253.13 ოდენობის ბიტკოინი მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა, რომლის ღირებულება მისი დაუფლების პერიოდში 39 215 820 დოლარს შეადგენდა. გასული წლის 6 ივლისს თანაინვესტირების ფონდის ყოფილ ხელმძღვანელს აღმკვეთი ღონისძიების სახით 2.5 მილიონ ლარიანი გირაო შეეფარდა. ამასთან, საქმის გამოძიების დასრულებამდე, მას ქვეყნის დატოვება აეკრძალა. ბაჩიაშვილი წარდგენილ ბრალდებაში თავს დამნაშავედ არ ცნობს.
აღნიშნული ქმედება კი 9-დან 12 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.