დღეს, ახლო აღმოსავლეთში არსებული ვითარების ფონზე ბათუმის და თბილისის აეროპორტებში 18 ავიარეისი გაუქმდა.
აეროპორტების მმართველი კომპანია TAV Georgia-ს ინფორმაციით, დღეს ბათუმის საერთაშორისო აეროპორტში 6 ავიარეისი - 5 თელ-ავივის, 1 თეირანის ფრენა გაუქმდა.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტში კი 12 რეისია გაუქმებული. კონკრეტულად დღეს არ სრულდება თელ-ავივის, აბუდაბის, დამამის, შარჟას, თეირანის და დუბაის რეისები.
„ისრაელიდან და ირანიდან ავიარეისები ორივე აეროპორტში 31 ივნისის ჩათვლით არის გაუქმებული. თელ-ავივიდან თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მხოლოდ საევაკუაციო რეისები სრულდება.
სხვა ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ფრენები ნაწილობრივ სრულდება. მაგალითისთვის შარჟადან და აბუ-დაბიდან ფრენები თვის ბოლომდე გაუქმებულია, თუმცა ავიარეისები სრულდება დუბაიდან.
ახლო აღმოსავლეთის ქვეყნებიდან ბათუმის აეროპორტში ფრენები ეტაპობრივად აღდგა ქუვეითიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან. შეფერხებები იმ შემთხვევაშია თუ კონკრეტული ქვეყნები ხურავენ ცას“, - განმარტავენ TAV Georgia-ში.
რაც შეეხება ქუთაისის აეროპორტს, საქართველოს აეროპორტების გაერთიანებაში აცხადებენ, რომ ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან ავიარეისები ახლო აღმოსავლეთში მხოლოდ აბუ-დაბის მიმართულებით სრულდება. რეისები გაუქმებული იყო, გუშინ 24 ივნისს და დღეს, ხვალიდან კი განახლდება.
შეგახსენებთ, რომ 13 ივნისიდან ისრაელ-ირანის კონფლიქტის გამწვავების შემდეგ ახლო აღმოსავლეთიდან ფრენები შეფერხებით სრულდება. სრულადაა გაუქმებული ავიარეისები ისრაელიდან და ირანიდან. აშშ-ის პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა 24 ივნისს გამოაცხადა, რომ ისრაელსა და ირანს შორის ცეცხლის შეწყვეტის რეჟიმი ამოქმედდა. ისრაელმა დაადასტურა, რომ დასთანხმდა აშშ-ის შეთავაზებას ირანთან ცეცხლის შეწყვეტაზე, თუმცა "უპასუხებს ძალით" თუ ირანი შეთანხმებას დაარღვევს.




























