მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

"დღეს, ბიზნესი თავს სტაბილურად ვერ გრძნობს" - გიორგი მორდეხაშვილი ბიზნესგარემოს გამოწვევებზე

გია მორდეხაშვილი

მცირე ბაზარი, კადრების დეფიციტი და პოლიტიკური არასტაბილურობა - კომპანია Food Balls Georgia-ს დამფუძნებლის, ბიზნესმენ გიორგი მორდეხაშვილის აზრით, ეს ის სამი მთავარი ბარიერია, რაც საქართველოში ბიზნესის კეთებას ართულებს.

გიორგი მორდეხაშვილი 27-წლიანი ემიგრაციის შემდეგ საქართველოში 6 წლის წინ დაბრუნდა. მისთვის ემიგრაცია 1990-იან წლებში რუსეთში წასვლით დაიწყო, თუმცა 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთში საქმიანობაზე უარი თქვა და საფრანგეთში გადავიდა, სადაც ბიზნესით იყო დაკავებული.

გადაცემა „წერტილთან“ ინტერვიუში გიორგი მორდეხაშვილმა ვრცლად ისაუბრა საქართველოს ბიზნესგარემოს ძლიერ და სუსტ მხარეებზე და აღნიშნა, რომ ქვეყნის მდგრადი ეკონომიკური განვითარებისთვის პოლიტიკური სტაბილურობა უმთავრესია.

„ბიზნესისთვის სტაბილურობას უდიდესი მნიშვნელობა აქვს. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერს უნდა შევეგუოთ, მაგრამ ცვლილებები მშვიდ გარემოში უნდა მოხდეს… დღეს კი ბიზნესი თავს სტაბილურად ვერ გრძნობს“, - განაცხადა მან.

ჟურნალისტის კითხვაზე, თუ რა არის ის მთავარი შიშები, რაც ბიზნესმენებს ინვესტიციების შეყოვნებისკენ უბიძგებს, გიორგი მორდეხაშვილმა აღნიშნა, რომ მეწარმის ბუნება ნებისმიერ გარემოში ადაპტირებას გულისხმობს:

„ბიზნესმენის ნატურა ასეთია - როდესაც საქმეზე ხარ მომართული, შეუძლებელია ბიზნესი არ აკეთო. ნებისმიერ გარემოში ბიზნესმენი ყოველთვის იპოვის საშუალებას, რომ არ გაჩერდეს. ვერ ვიტყვი, რომ საქართველო ყველაზე ცუდი ბაზარია - უზარმაზარი პრობლემებია ევროპაშიც და სხვა ქვეყნებშიც. ყველგან არის დადებითი და უარყოფითი მხარეები, თუმცა, რა თქმა უნდა, არსებობს უკეთესი ბაზრებიც“, - აღნიშნა ბიზნესმენმა.

რაც შეეხება შიდა გამოწვევებს, გია მორდეხაშვილის შეფასებით, ქართული ბიზნესისთვის ნომერ პირველი პრობლემა არა ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, არამედ პროფესიონალი კადრებისა და შესაბამისი კომპეტენციების ნაკლებობაა:

„პირველი პრობლემა კომპანიებისთვის კომპეტენციაა. ადამიანებმა საქართველოში მეტი ყურადღება უნდა მიაქციონ განათლებასა და ხელობის დაუფლებას. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნური ინტელექტი შემოდის, კვალიფიციური სპეციალისტები სანთლით არის საძებარი ნებისმიერ სფეროში. სპეციალისტს სჭირდება განათლება და დიდი პრაქტიკა. აი, ეს არის ნომერი პირველი, რაც საქართველოს აკლია, რომ საქმე ბოლომდე მიიყვანონ და არ თქვან - "მერე რა მოხდა".

კიდევ ერთ ფუნდამენტურ დაბრკოლებად ბიზნესმენმა ადგილობრივი ბაზრის სიმცირე დაასახელა. გიორგი მორდეხაშვილის თქმით, მასშტაბური ბრუნვის მისაღწევად ერთადერთი სწორი გზა ექსპორტზე ორიენტირებაა, სადაც საქართველოს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები დიდ შესაძლებლობებს აძლევს.

ჟურნალისტმა ბიზნესმენს გაახსენა თავისი 2024 წლის პროგნოზიც, სადაც გიორგი მორდეხაშვილი აღნიშნავდა, რომ დასავლეთთან ურთიერთობების გაციების ფონზე, ბიზნესინტერესი აღმოსავლეთისკენ გადაინაცვლებდა:

„როგორც ჩანს, ჩემი პროგნოზი გამართლდა - აღმოსავლური ქვეყნებიდან ინტერესი დიდია. გაიზარდა ჩინეთის ინტერესი, სადაც როგორც სახელმწიფო დონეზე შემოვიდა რამდენიმე მსხვილი კომპანია, ისე კერძო სექტორშიც აქტიურობენ (მათ შორის ირანული და სხვა აზიური ქვეყნების ბიზნესები). სამწუხაროდ, ნაკლებად აქტიურები არიან ევროპელები და ამერიკელები. ყოველთვის კარგია დივერსიფიკაცია, როდესაც კარგი ურთიერთობა გაქვს როგორც დასავლეთთან, ისე აღმოსავლეთთან, მაგრამ როდესაც გადახრა მხოლოდ ერთ მხარეს არის, ეს გრძელვადიან პერსპექტივაში კარგი არ არის“, - განმარტა მეწარმემ.

კითხვაზე - „რას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში?“ - Food Balls Georgia-ს დამფუძნებელმა ყურადღება კორუფციასა და სახელმწიფოებრივ აზროვნებაზე გაამახვილა:

„სადღაც წავიკითხე, რომ საქართველოში კორუფცია სერიოზულ პრობლემად არც კი მიაჩნიათ - ისეა გამჯდარი, რომ საზოგადოებაში მის მიმართ შემგუებლური დამოკიდებულება გაჩნდა. არადა, გოლდა მეირის ცნობილი პრინციპის მსგავსად, კორუფცია უმკაცრესად უნდა ისჯებოდეს. წერტილი უნდა დავუსვათ კორუფციას, რომელიც მთლიანად აზიანებს სახელმწიფოს. ვისაც სახელმწიფოებრივი აზროვნება აქვს, ის ყოველთვის კორუფციის წინააღმდეგი იქნება - სწორედ ამაზე დავაფიქრებდი ბევრ ადამიანს“, - დასძინა გიორგი მორდეხაშვილმა.

ცნობისთვის: Food Balls Georgia ქართული ტრადიციული კერძების ნახევარფაბრიკატებსა და დესერტებს აწარმოებს. საწარმოში ჩადებულმა ჯამურმა ინვესტიციამ $800 000–$900 000-ს მიაღწია, კომპანია 21 ადამიანს ასაქმებს. პროდუქცია 200-ზე მეტ სავაჭრო ობიექტში იყიდება, ხოლო მომდევნო 1 წელში ბრენდი 1000 სავაჭრო წერტილამდე გაფართოებასა და დუბაიში, ისრაელსა და დსთ-ის ქვეყნებში ექსპორტზე გასვლას გეგმავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები