მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ქართული კერძების "გაფასტფუდების" კონცეფცია - Food Balls Georgia-ს ინვესტიციამ 900 000 დოლარს მიაღწია

ბურთულა

ქართული კერძების თანამედროვე ინტერპრეტაციისა და ე.წ. "გაფასტფუდების" კონცეფციით შექმნილი სტარტაპი Food Balls Georgia, რომელიც უკვე 3 წელია ბაზარზეა, საქმიანობას აფართოებს.

როგორც BMG-ის გადაცემა „წერტილში“ კომპანიის დამფუძნებელმა, გიორგი მორდეხაშვილმა განაცხადა, საწყის ეტაპზე საკუთარი კვების ობიექტის გახსნისა და "ფასტფუდ ქსელის" შექმნის მცდელობა ნაკლებად ეფექტიანი აღმოჩნდა, რადგან მასშტაბირებისთვის მინიმუმ 10-12 სტრატეგიული ლოკაცია იყო საჭირო. ამიტომ ბრენდმა განვითარების კურსი შეცვალა და პროდუქცია დაფასოებული ნახევარფაბრიკატების სახით სუპერმარკეტების დახლებზე განათავსა.

ქათმის ბურთულა კიევურად, ლობიოს ბურთულა, ღომისა და ყველის ბურთულა, ქათამი შქმერულად, ქათმის ცხარე ბურთულა ყველით - ეს იმ პროდუქციის არასრული ჩამონათვალია, რომელიც Food Balls Georgia-ს საწარმოში მზადდება. გარდა ამისა, კომპანია მომხმარებელს ინოვაციურ, გრილ დესერტ „ფელამოჩსაც“ სთავაზობს.

ბიზნესმენის თქმით, ტრადიციული პროდუქტებისგან (ხინკალი, პელმენი, ქათმის ნაგეთსები) განსხვავებულმა, უნიკალურმა ასორტიმენტმა კომპანიას სუპერმარკეტების ქსელებში შესვლა საგრძნობლად გაუადვილა.

„დღესდღეობით Food Balls Georgia-ს პროდუქცია წარმოდგენილია 100-ზე მეტ ობიექტზე თბილისსა და ბათუმში, მათ შორის: „გუდვილში“, „ევროპროდუქტში“, „ფრესკოში“, „კარფურის“ 14 ფილიალში, ასევე „ნიკორას“, „სპარისა“ და „დეილი ჯგუფის“ სავაჭრო წერტილებში.

ჩვენი მონიტორინგით ვხედავთ, რომ ბურთულები, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად ახალი პროდუქტია ბაზარზე, გაყიდვების მაჩვენებლით ისეთ ტრადიციულ ნახევარფაბრიკატებს არ ჩამოუვარდება, როგორიცაა ხინკალი და პელმენი“, - აღნიშნა დამფუძნებელმა.

კომპანიის ჯამურმა ინვესტიციამ ამ დროისთვის 800 000–900 000 აშშ დოლარს მიაღწია. ფინანსური რესურსის დიდი ნაწილი საწარმოს აღჭურვასა და ხარისხის სტანდარტების დანერგვაზე დაიხარჯა. საწარმოში უკვე მოქმედებს HACCP-ის სისტემა და მიმდინარეობს აქტიური მუშაობა ISO სერტიფიკატის მოსაპოვებლად.

გაზრდილი წარმოების პარალელურად გაორმაგდა პერსონალის რაოდენობაც - თუ საწყის ეტაპზე კომპანიაში 11 ადამიანი მუშაობდა, დღეს საწარმოში, მარკეტინგსა და გაყიდვების გუნდში 21 ადამიანია დასაქმებული.

რაც შეეხება სამომავლო გეგმებს, Food Balls Georgia-ს დამფუძნებელი ამბობს, რომ უახლოესი წლის მთავარი პრიორიტეტი გაყიდვების ქსელის კიდევ უფრო მეტად გაფართოებაა.

„ჩვენი მთავარი პრიორიტეტი სადისტრიბუციო ქსელის გაფართოება და თითოეულ ობიექტზე გაყიდვების ზრდაა. წარმატებული მარკეტინგული კამპანიის წყალობით, ბოლო ორ თვეში გაყიდვები 25%-ით გაიზარდა, რაც გვაძლევს საფუძველს, მომდევნო ერთ წელიწადში 1000 სავაჭრო წერტილს მივაღწიოთ“, - განაცხადა გიორგი მორდეხაშვილმა და იქვე დასძინა, რომ ამ ეტაპზე, Food Balls Georgia-ში, ყოველთვიურად, 3 მილიონი ბურთი იწარმოება (300 000 შეფუთვა), საიდანაც 80% სხვადასხვა შიგთავსის მქონე ბურთულებია, ხოლო 20% - "ფელამოჩი".

"მოთხოვნის ზრდიდან გამომდინარე, პროდუქციის წარმოება, ყოველთვიურად იზრდება", - აღნიშნა ბიზნესმენმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები