"მე გამიჭირდება, კაია კალასის ნაცვლად ამ ჯგუფებზე ვისაუბრო. ჩემთვის გაუგებარია, რა ჯგუფები შეიძლება იყვნენ", - ამის შესახებ "ქართული ოცნების" საგარეო საქმეთა მინისტრმა მაკა ბოჭორიშვილმა რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა.
20 ოქტომბერს, საგარეო საქმეთა მინისტრთა საბჭოს სხდომის შემდეგ გამართულ პრესკონფერენციაზე, ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, კაია კალასმა განაცხადა, რომ საქართველოსთან დაკავშირებით ევროკომისია წლის ბოლოს წარადგენს ანგარიშს, რომელზე დაყრდნობითაც შესაძლებელი გახდება კონკრეტული ჯგუფებისთვის უვიზო რეჟიმი გაუქმდეს.
"ის დიპლომატიური პასპორტებიც კი აცდენილი იყო ყველანაირ სამართლებრივ საფუძვლებს, რა ფორმითაც მოხდა ამ რეჟიმის ამოქმედება. ჩვენ ოდესღაც აუცილებლად გვექნება შესაძლებლობა, რომ ამაზე ვისაუბროთ, რამდენად უსაფუძვლოა ეს გადაწყვეტილებაც კი, სამართლებრივად სრულიად გაუმართლებელი და გაუმართავი გადაწყვეტილება. თუმცა პოლიტიკურ ჭრილში თუ შევხედავთ, ეს არსებობს. ჰქონდა თუ არა საფუძველი მას და გამართლებულია, მყარია თუ არ არის, ეს არსებობს და დღეს დიპლომატიური პასპორტების მფლობელები ევროკავშირის რიგ ქვეყნებში სამოგზაუროდ იღებენ ვიზას. ამით არ დაქცეულა ქვეყანა და არაფერი არ მომხდარა ისეთი. ძალიან ჩვეულებრივად, როდესაც მიემგზავრები იმ ქვეყანაში, რომელსაც აქვს სავიზო რეჟიმის შემოღებული, ითხოვ და იღებ ვიზას.
ამ შემთხვევაში თუ კონკრეტული ჯგუფი შეეხება ხელისუფლებას, ანუ მინისტრებს, პარლამენტის წევრებს, მათ, ვისაც დიპლომატიური პასპორტის ფლობის უფლება აქვთ და აქვთ დიპლომატიური პასპორტები. შესაბამისად, თუ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ამ კატეგორიაზე ზეწოლისთვის სჭირდება ბრიუსელის გარკვეულ ბიუროკრატიულ ჯგუფებს ზეწოლის მექანიზმის გამოყენება, ეს უკვე ადგილზეა. რამდენად ეფექტიანია თავიანთი მიზნების მისაღწევად, ეს შეუძლიათ თავად გაზომონ, თუმცა ჩვენ არაერთხელ გვითქვამს, რომ ეს არ არის საპირწონე იმისა, რასაც ჩვენ ვაკეთებთ. ვერავინ ვერ შეგვაშინებს იმით, რომ შენ უვიზო მიმოსვლას შეგიჩერებ, მაშინ, როდესაც სასწორის მეორე მხარეს გიდგას ქვეყნის სტაბილურობა და უსაფრთხოება, რაც სასიცოცხლოდ სჭირდება შენი ქვეყნის მომავალს", - განაცხადა ბოჭორიშვილმა.




























