თერჯოლაში მდებარე რესტორან „რძლების“ თანადამფუძნებელი, ქეთო ფუტურიძე, რეგიონებში კადრების დეფიციტზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ პროფესიონალი მუშახელის პოვნა ერთ-ერთ ყველაზე მწვავე გამოწვევად რჩება.
როგორც ფუტურიძემ BM.GE-სთან ინტერვიუში განაცხადა, რეგიონში დასაქმების მსურველთა რაოდენობა შემცირებულია, ხოლო კვალიფიციური კადრების მოძიება განსაკუთრებით რთულია.
„ძალიან რთულია რეგიონში კადრის პოვნა. ძალიან რთულია პროფესიონალი კადრების მოძიება, თუმცა არც ჩვენ გვქონია გამოცდილება, როდესაც ვიწყებდით. შესაბამისად, ჩვენთვის ერთადერთი მოთხოვნაა, რომ კადრი იყოს პასუხისმგებლობიანი და შრომისმოყვარე, დანარჩენს ჩვენ დავეხმარებით და ჩვენ გავზრდით“, – ამბობს ქეთო ფუტურიძე.
მისი თქმით, ერთ-ერთ პრობლემად კანდიდატების ზედმეტი თავდაჯერებულობაც რჩება, რაც ხშირად რეალურ გამოცდილებას არ შეესაბამება.
რესტორან „რძლების“ თანადამფუძნებელი რეგიონებში არსებულ მძიმე სოციალურ სურათზეც ამახვილებს ყურადღებას და ამბობს, რომ სოფლების დაცლა კადრების დეფიციტს კიდევ უფრო ამძაფრებს.
“დღეს ძალიან ცუდი მდგომარეობაა - სოფლები დაცლილია. პრაქტიკულად არ არის ოჯახი რეგიონში, სადაც ერთი ქალი მაინც არ იყოს საზღვარგარეთ წასული სამუშაოდ. ისიც, მოგეხსენებათ, რა პირობებში მიდიან. ასეთი კატასტროფული მდგომარეობა, როგორიც დღეს არის, არასოდეს ყოფილა საქართველოს რეგიონებში“, – აცხადებს ფუტურიძე.
მისი შეფასებით, არსებული ვითარება ნათლად აჩვენებს, რომ რეგიონებში ეკონომიკური და სოციალური პრობლემები მწვავეა და მათ მოგვარებას კომპლექსური მიდგომა სჭირდება.




























