მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

დღეს, ეკონომიკური ზრდის ფაქტორები, მანამდე არსებულისგან განსხვავებულია - რა ზრდის საქართველოს მშპ-ს? | ლექსო ალექსიშვილის შეფასება

PMCG

PMCG კვლევითი ცენტრის დამფუძნებელი ლექსო ალექსიშვილი აცხადებს, რომ დღეს ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის ფაქტორები, მანამდე არსებულისგან განსხვავებულია. მისი შეფასებით, საქართველო ამ კუთხით გამონაკლისი არ არის და ქვეყნის მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდის მაღალ მაჩვენებელზე რეგიონში არსებული გეოპოლიტიკური ვითარება განაპირობებს. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა „ანალიტიკასთან“ ვრცელ ინტერვიუში ისაუბრა.

„საქართველოში რა ეკონომიკური ზრდაც გვაქვს, და საქართველო ამ თვალსაზრისით გამონაკლისი არ არის, რეგიონისთვისაა დამახასიათებელი, ისევ იქიდან გამომდინარე, რაც ხდება დღეს გლობალურად და გეოპოლიტიკური თვალსაზრისით. სწორედ ამან გამოიწვია ის, რომ დღეს ეკონომიკური ზრდის ფაქტორები განსხვავებულია იმისგან, რაც მანამდე არსებობდა. სხვადასხვა პერიოდში მთავარი ფაქტორი შეიძლებოდა ყოფილიყო კონკრეტულ სექტორში უცხოური ინვესტიციები, ეს შეიძლებოდა ყოფილიყო ტრანსპორტი ან ლოგისტიკა და ა.შ. დღეს არსებული ვითარება, რასაც ვუყურებთ და ეკონომიკური ზრდის მთავარი ფაქტორი რაც არის, ეს გეოპოლიტიკაა - საქართველო, ისევე როგორც სხვა ქვეყნები, დანარჩენი სამყაროსთვის გარკვეული სერვისების ერთ-ერთი მთავარი მიმწოდებელია, რამაც ქვეყანაში ეკონომიკური ზრდის აქსელერაცია მოახდინა. ჩვენ ვხედავთ, რომ რეალურად ეკონომიკაში მთავარი სექტორი, რომელიც იზრდება ICT სექტორია, რაც იმას ნიშნავს, რომ საქართველოში გარედან მიღებული შემოსავლები შემოდის, შემოდინებები მაღალია, მაგრამ ადგილზე წარმადობის გაზრდა სწრაფად ვერ ხდება“, - აცხადებს ლექსო ალექსიშვილი.

კითხვაზე - მაღალი ეკონომიკური ზრდისა და მეტ-ნაკლებად მართული ინფლაციის პირობებში, რატომ არის ცალკეული პროდუქტის ფასი მოსახლეობისთვის გადამწყვეტი, ალექსიშვილი პასუხობს, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდის პარალელურად, ქვეყანაში ადგილობრივი წარმოება ისე სწრაფად ვერ ვითარდება და შესაბამისად, მიწოდება გაზრდილ მოთხოვნას ვერ პასუხობს.

„ყველაფერი გაზრდილია - ICT სექტორი, ტრანსპორტის, განათლების სექტორი, რომელსაც როგორც საექსპორტო სერვისს ისე მოვიაზრებთ - ანუ აქედან მიღებული შემოსავლები ფულად გზავნილებს და ინვესტიციებსაც თუ დავუმატებთ, გამოდის, რომ შემოდინებები მაღალია, რაც თავისთავად ნიშნავს რომ ის რაღაცაში უნდა გადაითარგმნოს. მეორე მხარეს ამას პროდუქციის წარმოების სწრაფი ზრდაც უნდა მოჰყვეს, მაგრამ ეს სწრაფად ვერ ხდება, რაც თავისთავად იწვევს მოთხოვნის ზრდას, მაგრამ მიწოდება არც ისე სწრაფად ეწევა ამას და შესაბამისად, საბოლოო ჯამში ის ფასების ზრდაში აისახება“, - განმარტავს ალექსიშვილი.

ცნობისთვის, მარტში საქართველოს ეკონომიკა 10.7%-ით გაიზარდა, ხოლო 2026 წლის I კვარტალში ეკონომიკური ზრდა 9.1% იყო. საქსტატის თანახმად, მარტში საქართველოს კერძო სექტორის, ანუ დღგ-ის გადამხდელი კომპანიების ბრუნვამ 15.6 მილიარდი ლარი შეადგინა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 13.4%-ით მეტი იყო. საქსტატის თანახმად, ეკონომიკური ზრდა შეეხო ფაქტობრივად ყველა სექტორს გარდა სასტუმროებისა და ტურიზმის და ადმინისტრაციული და დამხმარე მომსახურების სექტორებისა.

რაც შეეხება ინფლაციას, საწვავის ფასის გაძვირების გამო, აპრილში საქართველოში წლიური ინფლაციის დონემ 5.9%-ს მიაღწია, ხოლო წინა თვესთან შედარებით ინფლაციის დონემ 1.7% შეადგინა. ყველაზე მეტად - 10.3%-ით ფასები ტრანსპორტის ჯგუფში გაიზარდა, რაც საწვავის ფასის ზრდას უკავშირდება. სურსათის ჯგუფში კი ფასები 7.5%-ით არის გაზრდილი. ფასები ასევე 6.5%-ით გაიზარდა კომუნალური გადასახადების მიმართულებით, რაც 1 აპრილიდან საქართველოში ელექტროენერგიის ფასების მატებას უკავშირდება. ეს 2024-2025-2026 წლების განმავლობაში ინფლაციის მაქსიმალური მაჩვენებელია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები