ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი რომან გოცირიძე ამბობს, რომ სებ-ის დამოუკიდებლობის საკითხი კიდევ უფრო გაუარესდა. ამის შესახებ მან "ანალიტიკასთან" ინტერვიუში განაცხადა.
აღსანიშნავია, რომ საერთაშორისო სავალუტო ფონდისთვის (IMF) ერთ-ერთი საკითხი, რაც პროგრამის შეჩერების წინაპირობა გახდა, სებ-ის დამოუკიდებლობა იყო. მათ შორის, IMF ყურადღებას ამახვილებდა, რომ სებ-ის საბჭოში აღმასრულებელი წევრები მეტნი იყვნენ, ვიდრე არააღმასრულებელი წევრები. ცვლილებების შედეგად კი ეს საკითხი დარეგულირდა.
რომან გოცირიძის თქმით, საბჭოს ახალმა შემადგენლობამ დამოუკიდებლობის გამოწვევა კიდევ უფრო გაამწვავა, ამიტომ ეს სავალუტო ფონდის მხრიდან ვერ ჩაითვლება პრობლემის გადაჭრად.
"ეროვნული ბანკის საბჭო შეივსო ეროვნული ბანკისა და მთავრობის ყოფილი წევრებით, რომლებიც გამოცდილები იყვნენ ხელისუფლების დავალებების შესრულებასა და მორჩილებაში. ამიტომ, საბჭო კიდევ უფრო მორჩილი გახდა ივანიშვილის კლანის და მთავრობის წინაშე, კიდევ უფრო დაკარგა დამოუკიდებლობა. გარდა ამისა, თავად ნათია თურნავამ ივანიშვილისადმი გაწეული მომსახურებით გამოიმუშავა ეროვნული ბანკის პრეზიდენტის პოსტი. ამიტომ, დღეს ეროვნული ბანკი დამოუკიდებლობის კუთხით გაცილებით უარეს მდგომარეობაშია, ვიდრე თუნდაც შეუვსებელი ეროვნული ბანკი, რომელსაც დროებითი მმართველი ჰყავდა. შესაბამისად, სებ-ის დამოუკიდებლობის ნაწილი იქნება სერიოზული პრობლემა",- ამბობს რომან გოცირიძე.
მისივე შეფასებით "ამ ხელისუფლებასთან ახალ პროგრამას არავინ დაიწყებს".