დღეს, 13 ნოემბერს გამართულ დებატებში, ევროპარლამენტარები საქართველოში ჩატარებული საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევას განიხილავენ.
ევროპარლამენტის ვებგვერდზე განთავსებული ინფორმაციით, პოლიტიკური ჯგუფები შეთანხმდნენ პლენარული დღის წესრიგის შეცვლაზე საქართველოს საკითხის დასამატებლად და საბოლოოდ, ეს გადაწყვეტილება უნდა დაადასტურონ ევროპარლამენტარებმა, პლენარული სხდომის გახსნისას.
"პარლამენტი გამოხატავს შეშფოთებას საქართველოს დემოკრატიული უკუსვლის გამო.
ოთხშაბათს გამართულ დებატებში, ევროპარლამენტარები განიხილავენ საქართველოს სადავო საპარლამენტო არჩევნების შედეგებს, მათ შორის რუსეთის სავარაუდო ჩარევას",- აღნიშნულია ინფორმაციაში.
ბრიუსელში დებატები, სადაც სავარაუდოდ საქართველოს საკითხიც უნდა განიხილონ, თბილისის დროით 18:00 საათზე დაიწყება.
შესაბამის რეზოლუციას ევროპარლამენტარები კენჭს 25-28 ნოემბრის სესიაზე უყრიან.