საქართველოში პირდაპირი უცხოური ინვესტიციების თვალსაზრისით არსებულ მდგომარეობაზე „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის” აღმასრულებელი დირექტორი ლევან ყარალაშვილი აცხადებს, რომ ქვეყანაში ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი გამოწვევებია.
მისი თქმით, დღეს ქვეყანაში რეალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების დეფიციტია, ხოლო მიმდინარე მოვლენების ფონზე პროცესების კიდევ უფრო მეტად მწვავდება. ყარალაშვილის განმარტებით, ინვესტორები, რომლებიც ფიქრობდნენ ქვეყანაში შესაბამისი თანხების დაბანდებას გადაიფიქრეს ან გადაწყვეტილება შეაჩერეს.
“რეალური პირდაპირი უცხოური ინვესტიციების კუთხით საქართველოში არის დღეს სრული კატასტროფა. რეალურად აქ არცერთი მსხვილი ინვესტორი წლებია არ შემოსულა და ვინც აპირებდა, დღეს აღარ განიხილავს ან გაჩერებული აქვს ამ მიმართულებით გადაწყვეტილების მიღება. ამას ვლაპარაკობ ჩვენი ჯგუფის სახელით, რომელსაც თითქმის 300 მილიონი დოლარი აქვს შემოტანილი საქართველოში და ჯგუფის დამფუძნებლების 60% არიან ფრანგი, ჰოლანდიელი და ბრიტანელი ინვესტორები. ყოველდღიური ურთიერთობა მაქვს ამ ხალხთან და მარტივი თემაა, მეუბნებიან- ლევან, მოლოდინში ვართ, ახალი პროექტის დაწყება დღეს არ განიხილება.
ეს არის გამოძახილი იმ განცხადებების, იმ პოლიტიკის, დასავლეთის რადიკალური ლანძღვის, რასაც ვისმენთ უმაღლეს დონეზე. აქ ლაპარაკი არის ქვეყნის ძირითად მმართველ პირებზე. “-ამბობს ლევან ყარალაშვილი, „საქართველოს რეკონსტრუქციისა და განვითარების კომპანიის” აღმასრულებელი დირექტორი.