მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„დღეს გამოდიან და რაღაც სამოქმედო გეგმებზე ლაპარაკობენ" – ბექა ლილუაშვილი დე–ოლიგარქიზაციის სამოქმედო გეგმაზე

საქართველოსთვის

„ყველა სამუშაო ჯგუფში მივიღეთ მონაწილეობა, მათ შორის, დე–ოლიგარქიზაციის თემაზე მომუშავე ჯგუფში. ჩვენ ვამბობდით, რომ დე–ოლიგარქიზაციის ანუ არაფორმალური ძალაუფლების ჩამოშლა შესაძლებელია ამ რეკომენდაციების შინაარსობრივი შესრულებით – მათ შორის, მართლმსაჯულების სისტემის გაუმჯობესებით. არაფორმალური არის ეს და არა ახალი კანონები, რომლებიც პოლიტიკურად იქნება გამოყენებული, რაც თქვა კიდეც ვენეციის კომისიამ“, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა ბექა ლილუაშვილმა „ანალიტიკა“–სთან პირდაპირ ეთერში განაცხადა.

პრემიერ-მინისტრის აპარატის მიერ გავრცელებული პრესრელიზის მიხედვით, დე–ოლიგარქიზაციის გეგმა საქართველოს კანონმდებლობაში ე.წ. სისტემური მიდგომით განსახორციელებელი ცვლილებების პაკეტს მოიცავს და ასევე შესაბამისი საკანონმდებლო ცვლილებების მისაღებად, კონკრეტულ ვადებს ადგენს. ამავე ინფორმაციით, დოკუმენტი შვიდ სხვადასხვა მიმართულებას მოიცავს, მათ შორის, ანტიკორუფციულ და ანტიმონოპოლიურ მიმართულებებს, ფულის გათეთრებისა და მედია პლურალიზმის საკითხებს, ასევე მართლმსაჯულებაში განსახორციელებელ ღონისძიებებს.

„დღეს გამოდიან და რაღაც სამოქმედო გეგმებზე ლაპარაკობენ“, – ასეთია ბექა ლილუაშვილის განწყობა ახალი სამოქმედო გეგმის მიმართ.

- მიიღეთ დოკუმენტი?

არა, არ მიგვიღია პარლამენტში. [ფუნდამენტური ცვლილებების] არანაირი მოლოდინი არ მაქვს. როცა ლაპარაკობ ერთი მხრივ რაღაც სამოქმედო გეგმაზე და დე–ოლიგარქიზაციის ნაწილზე და მეორე მხრივ, როცა არცერთ მნიშვნელოვან, პოლიტიკურად წონად რეკომენდაციას არ ასრულებ და თან ამბობ, რომ შესრულებული გაქვს – მართლმსაჯულება, საარჩევნო სისტემა, მედია პლურალიზმი თუ სხვა – როცა ამბობ, რომ ესენი შესრულებული გაქვს და სასამართლო დამოუკიდებელი გაქვს დღეს, რა მოლოდინი უნდა გქონდეს..

- ბორელთან შეხვედრის შემდეგ, ტონი შერბილდა და მივიღეთ ნარატივი, რომ მნიშვნელოვანი მიმართულებებით ჯერ კიდევ ვმუშაობთო ..

ეს არის ბოლი, რომელსაც უშვებს ქართული ოცნება. რუსული კანონი, რომელიც ქართულმა ოცნებამ დააინიცირა და პირდაპირ დაუმიზნა, როგორც პოლიტიკური ინსტრუმენტი, ჩვენს პარტნიორ ქვეყნებს, სადაც მტრის ძიების პროცესზეა გადასული, თავადვე შემოუტრიალდა.

- ფარცხალაძის სანქცირებას გულისხმობთ. ცოტა ირონიულია ნამდვილად ..

თუ გახსოვთ, როგორც კი ქართულმა ოცნებამ რუსული კანონი დააინიცირა, ჩვენ რუსული გავლენების შემცირების კანონი დავაინიცირეთ, როგორც პარალელური საკანონმდებლო ინიციატივა და მყისიერად ჩახსნეს. თურმე, რატომ?! იმიტომ, რომ – და ახლა უკვე პირდაპირ გამოჩნდა –ვინ არის ამ ქვეყნის მტერი და ვინ ახდენს გავლენის აგენტების გამოყენება მათ შორის ყოფილი სახელისუფლებო პირების საშუალებით.ამასთან, ეს იყო ძალიან მკაფიო გზავნილი დე–ოლიგარქიზაციაზე – [ფარცხალაძეზე] იქ რუს–ქართველი ოლიგარქი ეწერა და ეს აქცენტი შემთხვევითი არ არის. ეს არის ძალიან მკაფიო გზავნილი, რომ დე–ოლიგარქიზაციის პროცესი უნდა გაგრძელდეს. ამაში უნდა დაინახოს ის უზარმაზარი საფრთხე ხელისუფლებამ, რომელიც ქვეყანას მიადგა რეპუტაციულად. ფონ დერ ლაიენი რომ გამოვიდა და თქვა – უკრაინას და მოლდოვას სამოქმედო გეგმას ვაძლევთ, როგორ გაწევრიანდნენ და საქართველოსთვის მნიშვნელოვანია ევროპული პერსპექტივაო – იმის შედეგიც არის, რომ ჩვენ ვერ მოვახერხეთ აგვეხსნა - რა მნიშვნელობის მოვლენასთან გვაქვს საქმე და რა არის რიგითი მოქალაქეების პერსონალური დანაკარგი იმის გამო, რასაც ღარიბაშვილი და ეს ხელისუფლება აკეთებს; რას ნიშნავს კანდიდატი ქვეყნის სტატუსი ქვეყნისთვის და თითოეული ოჯახისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები