„დღემდე ბიზნესი და ხელისუფლება იყვნენ პარტნიორები, ასე იყო 30 წლის განმავლობაში. დღეს ხდება გარდატეხა, როცა ბიზნესი ხდება საზოგადოების პარტნიორი... ხალხი აკომპლექტებს ხელისუფლებას, ბიზნესი ავსებს ბიუჯეტს“ - განაცხადა BMGTV-ს გადაცემა „ბიზნესის კვირეულში“ სასტუმრო "კოლხიდას" თანადამფუძნებელმა ხათუნა ლაგაზიძემ ისაუბრა.
გადაცემის მთავარი თემა ქვეყანაში შექმნილი პოლიტიკური კრიზისი და არსებულ ვითარების ბიზნესზე გავლენაა.
მისი განმარტებით, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენების მიმართ ტურიზმი განსაკუთრებით მოწყვლადია და არსებული მდგომარეობა უკვე ასახულია ზამთრის კურორტებზეც. ის ასევე დასძენს, რომ მოცემული რეალობით, ქვეყანა საფრთხის წინაშეა, რომ ერთი ბაზარი გახდეს მისი მომხმარებელი.
„ბიზნესში, ყველას მოეხსენება, რომ თუ გყავს ერთი მომხმარებელი, ბიზნესმენი კი არა, მონა ხარ. აღარაფერს ვიტყვი იმაზე, რომ ის მარბიელი რაზმები, რომლებიც რუსთაველზე და მიმდებარე ტერიტორიებზე დათარეშობენ, სამომავლოდ ბიზნესის მარბიელ რაზმებად იქცევიან, რისი მწარე გამოცდილებაც გვაქვს და არავინ იფიქროს, რომ რომელიმე ბიზნესი ამისგან იქნება დაცული.
ეს არის გარდამტეხი ცვლილება, რომელსაც გადის ბიზნესი. დღემდე, ბიზნესი და ხელისუფლება საქართველოს ისტორიის ბოლო 30 წელი გვიჩვენებს, რომ იყვნენ პარტნიორები. დღეს ხდება სწორედ ის გარდატეხა, როდესაც ბიზნესი ხდება საქართველოს საზოგადოების პარტნიორი და ეს მართლაც დაუძლეველი ძალაა. ბუნებრივი მოცემულობაა, რომ თავისუფალი ბიზნესის გარეშე, ვერ იარსებებს თავისუფალი საზოგადოება და ვერ იარსებებს კონკურენტული, პოლიტიკური ველი. ძალა ჩვენშია. ხალხში და ბიზნესში. აქედან გამომდინარე, ეს ძალა იმ ქმედით ბერკეტად უნდა ვაქციოთ, რომელიც ყველა ხელისუფლებას ჩააყენებს იმ როლში, რაც არის მათი ბუნებრივი როლი. ჩვენ ყველა ერთად უნდა ვიყოთ დამკვეთები და ხელისუფლება, შემსრულებელი“, - განაცხადა ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელმა.
ტურისტული ბიზნესის წარმომადგენელი ინიციატივით გამოდის, რომ შეიქმნას დიალოგის ფორმატი, სადაც ბიზნესისა და საზოგადოების ხმა იქნება განსაზღვრული. ვინაიდან, უცნობია თუ როდის ჩამოიქცევა ხელისუფლება და როდის დაინიშნება ახალი არჩევნები, ბიზნესისა და საზოგადოების ინტელექტუალური პოტენციალი უნდა მოხმარდეს იმაზე ფიქრს, როგორ უნდა აშენდეს რეალურად თავისუფალი საქართველო, სადაც ყველას ექნება ის როლი, რასაც კონსტიტუცია ავალდებულებს.
"დადგა დრო, ყველამ ერთად დავიწყოთ ფიქრი იმგვარ ფორმატზე, როცა საზოგადოების და ბიზნესის აქტიური ნაწილი დაჯდება ერთად, პირველყოვლისა იმისათვის, რომ ერთად ვისაუბროთ კრიზისიდან გამოსვლის გზებზე, მეორეს მხრივ, ვიყოთ მაკონტროლებლები და მესამე და უმთავრესი, თუ როგორი საქართველო გვინდა. როგორი უნდა იყოს ხვალინდელი ხელისუფლება. რას უნდა ემსახუროს. მით უმეტეს, რომ ბიზნესს აქვს ამის უფლება, რადგან მის გარეშე ბიუჯეტი არ არსებობს, ამიტომ ბიზნესს განუმეორებელი როლი უნდა ჰქონდეს “, - განაცხადა ლაგაზიძემ.