დღეს პარლამენტი ოფშორების შესახებ კანონზე პრეზიდენტის შენიშვნების შესახებ იმსჯელებს. პარლამენტის ანონსის მიხედვით, 12:00 საათზეა ჩანიშნული საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა, რომელიც საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივნის, გიორგი მსხილაძის მოხსენებით დაიწყება.
ცნობისთვის, პრეზიდენტმა ე.წ ოფშორების კანონს ვეტო 3 მაისს დაადო და მოტივირებული შენიშვნებით "საგადასახადო კოდექსში" ცვლილებები პარლამენტს დაუბრუნა.
სალომე ზურაბიშვილი მიუთითებს, რომ ეს კანონი წარმოშობს მთელ რიგ რისკებს საქართველოს საინვესტიციო სტატუსის შესახებ. სალომე ზურაბიშვილის მოტივირებულ შენიშვნებში აღნიშნულია, რომ დარგის ექსპერტთა აზრით, ეს შეღავათი აჩენს შესაძლებლობას, რომ საქართველოში მოხდეს რუსეთის ფედერაციიდან ოფშორებში გატანილი “შავი ფულისა” და აქტივების საქართველოში გადმოტანა, რაც “მნიშვნელოვანი რისკების შემცველია, დააზიანებს და გააუარესებს ქვეყნის საინვესტიციო გარემოს. ასევე როგორც არაერთი სპეციალისტი მიუთითებს, ცვლილებები შესაძლოა იქცეს რუსეთის ფედერაციისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლის საბაბად.”
შეგახსენებთ, საქართველოს პარლამენტმა 19 აპრილს დაჩქარებული წესით დაუჭირა მხარი საგადასახადო შეღავათების დაწესების ინიციატივას. კანონპროექტის ავტორები "ქართული ოცნების" დეპუტატები არიან და ის დაჩქარებულ რეჟიმში განიხილეს. ცვლილებას მხარი დაუჭირა 73-მა დეპუტატმა, 9 კი წინააღმდეგი იყო. კანონის მიხედვით, ოფშორული კომპანიების მიერ აქტივების ქართულ კომპანიაზე გადაფორმებისას აქტივის მიმღები ქართული კომპანია შესაბამის აქტივზე დაბეგვრის ვალდებულებისგან გათავისუფლდება, თუკი ოპერაცია შესრულდება 2028 წლის 1 იანვრამდე, ხოლო 2030 წლის 1-ელ იანვრამდე აღნიშნულ ოპერაციაში ჩართული საწარმო ოფშორული კომპანიისგან ფიზიკური აქტივის საქართველოში მიღებისას იმპორტის გადასახადისგან იქნება გათავისუფლებული.