წამლის სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფარმაკოეკონომიკისა და პოლიტიკის კონსულტანტი თინათინ ტურძელაძე აცხადებს, რომ დღეს ქვეყანას რეფერენტული ფასწარმოქმნის მექანიზმის შეცვლის რესურსი არ აქვს.
"საქმის კურსთან” ინტერვიუში ის განმარტავს, რომ ბიზნესს აქვს სურვილი საქართველოში ჰქონდეს აღნიშნული წამლების გასაშუალებული, მედიანური ფასით გაყიდვის უფლება, რაც იქამდე სანამ საქართველოს ეკონომიკა და მოსახლეობის მსყიდველუნარიანობა არ გაიზრდება შეუძლებელია, რადგან საქართველოს GDP გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რეფერენტული კალათის ქვეყნებში არსებული GDP. ტურძელაძის შეფასებით, დღეს ფორმულის შეცვლა იმგვარად, როგორც ამას ბიზნესი ითხოვს, მედიკამენტებს გააძვირებს და გაზრდის ჯიბიდან გადახდებს.
“ბიზნესს ძირითადად პრეტენზია აქვს ფორმულასთან დაკავშირებით, რომელიც ითვალისწინებს რეფერენტული კალათის ქვეყნებში ამ წამლების გასაშუალებული, მედიანური ფასით გაყიდვის უფლებას საქართველოში. ძირითადი აქცენტი ამაზეა გაკეთებული, რომ იყოს საშუალო და არა მაქსიმალური რომ არ გამოირიცხოს რომელიმე ბრენდის საქართველოში შემოტანა.
საქმე ისაა, რომ ეს არ არის მგონი სწორად ბოლომდე გაგებული რას ნიშნავს საშუალო ფასების დაშვებული მედიანური ფასი. საქართველოს GDP გაცილებით ნაკლებია, ვიდრე რეფერენტული კალათის ქვეყნებში არსებული GDP. ჩვენ ამ ფორმულის შეცვლა შეგვიძლია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს ეკონომიკა გაიზრდება, თუ საქართველოს მოსახლეობას გაუჩნდება მეტი ფული, რომ უფრო მეტი გადაიხადოს წამალში. დღევანდელი რეგულაციით დაშვებული გვაქვს ორი ფასი. ერთი ეს არის ორიგინალი წამლის ფასი, მეორე ეს არის მისი გენერიკული ასლების ფასი. ანუ ჩვენ 2-დონიანი ფასი შემოვიტანეთ, ეს არის მაქსიმალური, რაც შეიძლება გაკეთებულიყო იმისთვის, რომ ბაზარზე ორიგინალი წამალი დარჩენილიყო და ის არ გასულიყო ქვეყნიდან. რაც შეეხება დამატებითი დაშვებების გაკეთებას, ეს შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ საქართველოს GDP გაიზრდება და პარალელურად თუ საყოველთაო ჯანდაცვა მთელი მოსახლეობის მოცვას უზრუნველყოფს.
საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვას მოცული ჰყავს მოსახლეობის მხოლოდ მცირე ნაწილი, რომელსაც უფასო წამლების მიღება შეუძლია. ანუ შეზღუდული ნაწილია. განსხვავებით თურქეთისგან, თურქეთში 11 000 წამალია რეგისტრირებული და აქედან 8 000 წამალზე დასაქმების მიუხედავად მოსახლეობის სრული წვდომა აქვს, მცირე ნაწილში თანადაფინანსებაა. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ფორმულის ცვლილებაზე საუბარი შეგვიძლია, დღეს არ შეგვიძლია ამ ფორმულის შეცვლა. ამ შემთხვევაში ქართველ ხალხს წამლის ყიდვის რესურსი არ ექნება, რადგან მათ გაუძვირდება მედიკამენტი და ჯიბიდან გადახდები კიდევ უფრო გაიზრდება. ეს არ არის კეთილ ნებაზე, დავუშვებთ თუ არა ეს დამოკიდებულია რესურსზე, რომელიც არ გაგვაჩნია იმისთვის, რომ ფორმულა შეცვალოთ”, - ამბობს ფარმაკოეკონომიკისა და პოლიტიკის კონსულტანტი თინათინ ტურძელაძე.