ფარმაცევტული კომპანია „ავერსის“ დამფუძნებელი, პაატა კურტანიძე BMG-ისთვის მიცემულ ინტერვიუში მთავრობის მიერ ჯანდაცვის სექტორში გატარებულ რეფორმებზე საუბრობს და მათ შორს DRG-სისტემისა და ფარმაცევტული ფასების პროგრამებს აკრიტიკებს.
დაფინანსების DRG მოდელი:
პაატა კურტანიძე: „DRG არის ერთ-ერთი სისტემა, რომელიც შემოიღეს საქართველოში 2022 წლის ნოემბრიდან. პირველი სამი თვე სამართლიანად ხდებოდა დათვლა. როცა კლინიკა სისტემაში ატვირთავს პაციენტის მონაცემებს, ხელოვნური ინტელექტი ითვლის ადამიანის გარეშე, რა თანხა უნდა გადაუხადოს კლინიკას. მაგალითისთვის, პაციენტს პირველ ჯერზე ინფარქტს შემთხვევაში უფინანსებს სახელმწიფო 5000 ლარს, მეორე შემთხვევაში 7 ათას ლარს, ხოლო თუ ამას თან ერთვის დიაბეტი თანხა იზრდება. პროგრამის ამოქმედებიდან 3 თვის შემდეგ, ხელოვნურმა ინტელექტმა დაიწყო დაკორექტირება და გვითხრა, რომ დიაგნოზიდან უნდა ამოვიღოთ დიაბეტი, რომ ხელოვნურმა ინტელექტმა ნაკლები თანხა გამოითვალოს და ა.შ. თუ პაციენტს არ ჩაუწერ, რომ მას დიაბეტი აქვს, რამდენიმე პერიოდის შემდეგ ეს დანაშაულად შეიძლება ჩაგეთვალოს.
მეორე პრობლემაა არაკეთილსინდისიერი კლინიკები - მაგალითად ინსულტი ფინანსდებოდა დაახლოებით 12 000 ლარით, მერე ერთმა პატარა კლინიკამ არაპატიოსნად, ერთ თვეში გაატარა ქაღალდზე 173 ინსულტიანი პაციენტი და იმის მაგივრად, რომ ის კლინიკა დაესაჯათ, დასაჯეს ყველა კლინიკა და ყველა ინსულტიანი პაციენტი, გახადეს ღირებულება 1900 ლარი. ამ ფასად მინიმუმ 2 კვირა უნდა გეწვინოს პაციენტი, ეს შეუძლებელია. როცა ვინმე იქცევა არაპატიოსნად, ის უნდა დასაჯო და არა ყველა კლინიკა და ყველა პაციენტი“.
რეფერენტული ფასები:
პაატა კურტანიძე: „რეფერენტული ფასების შემოღებამდე მე მქონდა ამაზე საუბარი, რომ საქართველოში იმდენად დიდი კონკურენციაა ფარმაცევტულ კომპანიებს, ასევე სამედიცინო სფეროში, რომ რაც მიღებულია ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში, ჩვენ იმაზე დაბალი დარიცხვა გვაქვს. სამინისტრომ რეფერენტული ფასები განსაზღვრა 2023 წლის თებერვალში. მე მანამდეც ვუთხარი, რომ რეფერენტული ფასებით გაძვირდება წამალი იმათთვის, ვისთვისაც ეს ძალიან მნიშვნელოვანია და გაიაფდება მათთვის, ვისთვისაც ფასს მნიშვნელობა არ აქვს და მაინც ყიდულობს. ყველა სააფთიაქო ქსელს გვაქვს ლოიალობის ბარათები, ასევე სამშაბათს, ოთხშაბათს და პარასკევს გვაქვს სპეციალური ფასები. ეს უნდა ნიშნავდეს, რომ ორშაბათს, ხუთშაბათს და შაბათ-კვირას ჩვენ არაფერი უნდა გვეყიდებოდეს, თუმცა განსხვავება არის მხოლოდ 20%. რეფერენტული ფასი განისაზღვრა მაგალითად 10 ლარად, ანუ ყველაზე იყიდება 10 ლარად. მანამდე, ვისთვისაც ფასს არ ჰქონდა მნიშვნელობა, მისთვის ვყიდდით 12 ლარად, ხოლო ვისთვისაც ჰქონდა - იმისთვის 8 ლარად. ახლა არის, რომ ყველაზე იყიდება 10 ლარად. ეს შეიცვალა, თორემ ჩვენი დარიცხვა და მოგება არ შეცვლილა“.
ცვლილებები GMP-სტანდარტის აღიარების წესში:
პაატა კურტანიძე: „ამ ცვლილებებს არანაირი კავშირი არ აქვს ჰარმონიზაციასთან და უფრო მკაცრია, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროში რამდენიმე წლის წინ შეიქმნა საერთაშორისო GMP-ის საერთაშორისო კომიტეტი. ამისთვის სამინისტრომ მოამზადა რამდენიმე ექსპერტი. დაიწყო წარმოებებისთვის GMP-ის სერთიფიკატების გაცემა. ჩვენ ავიღეთ ეს სერთიფიკატი 2022 წლის დასაწყისში. 2024 წლის ბრძანებით გამოდის,რომ ჯანდაცვის სამინისტრო ჩვენ არ გვენდობა, მიუხედავად იმისა, რომ მათ მიერ გაცემული სერტიფიკატის მფლობელი ვართ. ჩვენ არ გვაქვს უფლება ვიყიდოთ ნედლეული და მასალები, თუ მას არ აქვს GMP-სერთიფიკატი. ჯანდაცვის სამინისტრო ამ დადგენილებით ამბობს, რომ არ გვენდობა და რასაც ვყიდულობთ არააღიარებითი და მაღალი სანდოობის ქვეყნებიდან, ჩვენ უნდა გადავამოწმოთ იმათი GMP სერთიფიკატი. ამ განკარგულების მოჭარბებული სიმკაცრის მიზეზი იყო, რომ ხელი შეეშალათ ადგილობრივი წარმოებისთვის. როცა მე წამალს ვყიდი საზღვარგარეთ, მათ აკმაყოფილებს, რომ მე მაქვს ჯანდაცვის სამინისტროს GMP სერთიფიკატი. ამ დროს საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ამბობს, რომ თუ რომელიმე ქვეყნის სერტიფიკატი გვაქვს, ის არ აკმაყოფილებს და დამატებით უნდა შეამოწმონ. გაუგებარია რისთვის გაკეთდა ეს“.