მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

საქართველოში ერთ-ერთი საუკეთესო ჯანდაცვის სისტემაა - პაატა კურტანიძე

პაატა კურტანიძე
09.04.24 22:00
1324

საქართველოში ჯანდაცვის სექტორში ერთ-ერთი უმსხვილესი ჰოლდინგური კომპანია - “ავერსი” ჯგუფის დამფუძნებელმა პაატა კურტანიძემ გადაცემა “ბიზნეს კვირეულის” ეთერში ჰოლდინგის განვითარების გეგმების შესახებ ისაუბრა. გიორგი ისაკაძესთან ექსკლუზიურ ინტერვიუში კურტანიძემ აღნიშნა, რომ საქართველოს ჯანდაცვის სისტემა მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესოა. პაატა კურტანიძე აღნიშნავს, რომ სახელმწიფოს მიერ არ ხდება სამედიცინო პროვაიდერების დისკრიმინირება იმის მიხედვით, წარმოადგენენ ისინი სახელმწიფო თუ კერძო კლინიკებს და ორივე მათგანისთვის პაციენტებისთვის გაწეული მომსახურების ანაზღაურების წესი ერთნაირია.

ამასთან, პაატა კურტანიძე აღნიშნავს, რომ თუკი კერძო ინვესტორი მზადაა განახორციელოს მრავალმილიონიანი ინვესტიციები ჯანდაცვის სფეროსა და კლინიკების აღჭურვაში, მაშინ სახელმწიფო ფოკუსირებული უნდა იყოს ისეთი პროექტების განხორციელებასთან, რაც დაკავშირებულია ინფრასტრუქტურის განვითარებასთან.

“თუ კერძო ინვესტორი მზად არის ჩადოს ასეულობით მილიონი დოლარი კლინიკების აშენებასა და აღჭურვაში, სახელმწიფომ რაღატომ უნდა ჩადოს. სახელმწიფომ უნდა ააშენოს გზები, გვირაბები ხიდები, საქართველოს ბიუჯეტი არ არის ისეთი, რომ განუსაზღვრელად გვქონდეს თანხა, არც ნავთობის თანხები გვაქვს და არც გაზის. არის გადასახადებით მიღებული ბიუჯეტი. ამიტომ სახელმწიფომ რატომ უნდა ჩადოს ფული, თუკი კერძო ინვესტორი დებს, მაშინ როდესაც განსახორციელებელია პროექტები, რომლებიც მხოლოდ სახელმწიფოს შეუძლია განახორციელოს.

მე მსოფლიოს 80-ზე მეტ ქვეყანაში ვარ და ყველგან მაქსიმალურად შესწავლილი მაქვს მათი ჯანდაცვის სისტემები. საქართველოში არის ერთ-ერთი საუკეთესო სისტემა და რატომ - სახელმწიფო არ ეუბნება მოქალაქეს რომ მე შენ გიფინანსებ კვლევას და ოპერაციას მხოლოდ სახელმწიფო საავადმყოფოში. მოქალაქე აკეთებს არჩევანს და სახელმწიფო უხდის შემდეგ იმ კლინიკას. ეს განაპირობებს მაღალ კონკურენციას. მხოლოდ სახელმწიფო კლინიკაში რომ აფინანსებდეს სახელმწიფო, როგორც ბევრ ქვეეყანაშია, იქ მედიცინა ნაკლებად განვითარებულ დონეზეა, რადგანაც კონკურენცია არ ექნება სახელმწიფო კლინიკას და მან იცის რომ მაინც მოუვა პაციენტი,”- განაცხადა პაატა კურტანიძემ.

ბიზნესმენმა პაატა კურტანიძემ “ავერსი” 1994 წელს დააფუძნა, გასული 30 წლის განმავლობაში კომპანია ერთ-ერთ ჯანდაცვის უმსხვილეს ჰოლდინგად იქცა, რომელიც 10 ათასამდე ადამიანს ასაქმებს. კომპანია ქვეყნის მასშტაბით 337 აფთიაქით და 30-მდე სამედიცინო დაწესებულებით არის წარმოდგენილი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები