მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს სახელმწიფო ძლიერია, ძლიერია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი - კახა კალაძე

კახა კალაძე

აბულინგებენ ყველას – მეწარმეებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, სტუდენტებს, ბებია-ბაბუებს, სკოლებში უვარდებიან მცირეწლოვან ბავშვებს. სიძულვილის კამპანია, განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა რევოლუციური სცენარის ჩვეულებრივი ნაწილია. – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა, კახა კალაძემ საკრებულოს სხდომაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, სადაც 2024 წლის ანგარიშს წარადგენს და 2025 წლის ბიუჯეტი უნდა დამტკიცდეს.

„ჩვენ ვნახეთ ეუთო/ოდირის საბოლოო ანგარიში, რომელიც იმეორებს წინასწარი ანგარიშის ძირითად დასკვნას, რომ 26 ოქტომბერს ამომრჩეველს ჰქონდა „ფართო არჩევანი“, ხოლო პოლიტიკურ პარტიებს შეეძლოთ „კამპანიის თავისუფლად წარმოება“, შექებულია ცესკო არჩევნების „კარგად ორგანიზებისა და ადმინისტრირებისთვის“, ხაზგასმულია წინასაარჩევნო კამპანიის მშვიდი გარემო. რასაკვირველია, არის შენიშვნები და ხარვეზები, როგორც „ქართული ოცნების“, ისე ოპოზიციური პარტიების მისამართით, თუმცა მნიშვნელოვანია ის ფაქტი, რომ ეუთო/ოდირის მისია მზადყოფნას გამოთქვამს, ითანამშრომლოს საქართველოს არჩეულ ხელისუფლებასთან საარჩევნო გარემოსა და პროცედურების შემდგომი გაუმჯობესებისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენც მზად ვართ, ის შენიშვნები გამოსწორებული და გაუმჯობესებული იყოს მომდევნო წლების განმავლობაში.

და რას ვხედავთ ამ დროს რუსთაველის გამზირზე? კარგად ორგანიზებული რადიკალური ჯგუფები, ექსტრემისტული ორგანიზაციები, არასამთავრობო ორგანიზაციები, ოპოზიციური პარტიები, რომელთა ლიდერად გარე ძალებმა დანიშნა სალომე ზურაბიშვილი, ზიზღით, აგრესიით, ბულინგით ესხმიან თავს ყველას, ვისაც უნდა მშვიდობა, ქვეყნის განვითარება და მისი ევროპული მომავალი. ნახეთ, რა ხდება სოციალურ ქსელებში, რა მასშტაბის ფინანსური რესურსია ჩადებული იმაში, რომ სოკოებივით მომრავლებულმა ათასგვარმა გაურკვეველმა ჯგუფებმა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირება. ცხადია, ეს არ გამოსდით და ძალადობით, ლანძღვა-გინებით ესხმიან თავს ყველას და ყველაფერს. აბულინგებენ ყველას – მეწარმეებს, ხელოვანებს, სპორტსმენებს, მეცნიერებს, სტუდენტებს, ბებია-ბაბუებს, სკოლებში უვარდებიან მცირეწლოვან ბავშვებს. სიძულვილის კამპანია, განსხვავებული აზრის სრული მიუღებლობა რევოლუციური სცენარის ჩვეულებრივი ნაწილია. ეს არის ლიბერალური ფაშიზმი და ჩვენ ყველაფერს გავაკეთებთ, რათა ქვეყანაში ფაშიზმი დავასრულოთ. უნდა დასრულდეს ის მდგომარეობა, რაც გვაქვს ამ კონკრეტული ძალადობის სახით. შენ თუ დღეს გაქვს განსხვავებული მოსაზრება, მაშინვე ხარ მტერი, რუსეთუმე, რუსი და ა.შ. არავის მივცემთ შესაძლებლობას, რომ საზოგადოება დაყოს. სხვადასხვა მოსაზრების მიმღებლობა უნდა გვქონდეს. ის, რასაც აკეთებენ, არის ჩვეულებრივი ლიბერალური ფაშიზმი, რომელიც უნდა დასრულდეს.

მეგობრებო, სიძულვილით არავის გაუმარჯვია, ყველა ეს მცდელობა ფუჭია და დროებითი. უახლესი ისტორიიდან ვიცით, რა მოუტანა საქართველოს სამოქალაქო დაპირისპირებამ, რისკენაც ასე ისწრაფიან ჩვენი გარე თუ შიდა მტრები. ეს იქნება დამღუპველი ჩვენი ქვეყნისთვის, რასაც არ დავუშვებთ. დღეს სახელმწიფო ძლიერია, ძლიერია ყველა სახელმწიფო ინსტიტუტი და რაც მთავარია, დღეს ხელისუფლება სარგებლობს მოსახლეობის უდიდესი ნაწილის მხარდაჭერით და თანადგომით. მადლობას ვუხდი თითოეულ საჯარო მოხელეს, თითოეულ მეწარმეს, პედაგოგს თუ რიგით მოქალაქეს, ვინც მაღალ სამოქალაქო შეგნებას და პასუხისმგებლობას იჩენს ამ რთულ პერიოდში. ვემსახუროთ საკუთარ საქმეს და ჩვენს ქვეყანას კეთილსინდისიერად ისევ და ისევ ჩვენი ქვეყნის ხვალინდელი დღისთვის, მისი ევროპული მომავლისთვის, რომელიც აუცილებლად დადგება“, – განაცხადა კახა კალაძემ.

ტერმინი “ლიბერალური ფაშიზმი” ოქსიმორონია – და ის არ ასახავს არანაირ რეალურ პოლიტიკურ იდეოლოგიასა და მიძრაობას. “ლიბერალიზმი” და “ფაშიზმი” ორი, ფუნდამენტურად განსხვავებული პოლიტიკური ფილოსოფიაა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები