მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, საქართველო-ესპანეთის მატჩის ყურება მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე იქნება შესაძლებელი

მიხეილ მესხის სტადიონი

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალური ეტაპის მატჩს ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ დღეს გამართავს.

საქართველო-ესპანეთის დაპირისპირება გერმანიის ქალაქ კიოლნში თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

ქართველი გულშემატკივრები თბილისში ეროვნული ნაკრების მორიგი თამაშის ღია ჩვენებაზე დასწრებას, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე კვლავ შეძლებენ.

აღნიშნული მატჩის ჩვენების პერიოდში, გულშემატკივრების შეუფერხებლად გადაადგილების მიზნით, მუნიციპალური ავტობუსების ნაწილი გახანგრძლივებული დროით იმოძრავებს.

„ყველა გულშემატკივარს, ვისაც სურვილი აქვს, უქომაგოს ეროვნულ ნაკრებს, მობრძანდით მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე. ჩვენებაზე დასწრება უფასოა. ტერიტორიაზე, თბილისის მერიისა და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ორგანიზებით, ექვსი დიდი ეკრანი დამონტაჟდება, სტადიონის გარეთ კი მოეწყობა კვების ზონა. იმ მოქალაქეებს, რომლებიც მატჩის ტრანსლირებას მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე დაესწრებიან, ავტობუსები: N173, N301, N307, N311, N345, N351, N354, N358, N359, N385 და N388, პირველი ივლისის 02:00 საათამდე მოემსახურებიან“, - განაცხადა კახა კალაძემ რამდენიმე დღის წინ თბილისის მთავრობის სხდომაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები