„ერთი სამშობლო გვაქვს და ერთია სიცოცხლეც. 10 სიცოცხლე ხომ არ გვაქვს?! გამოვიყენოთ ყველა შანსი, რომ ქვეყანას ვარგოთ!“ - ასე უპასუხა EUGBC-ის გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის კითხვას - რა აქვს ბიძინა ივანიშვილისთვის მთავარი სათქმელი.
ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალურ მდივანს პოლიტიკური კრიზისიდან გამოსავლის გზად დიალოგი წარმოუდგენია, ხოლო ამ პროცესში მთავარ ფიგურად - პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი. ზვიად ჭუმბურიძემ „ოცნების“ ხელისუფლებას და მათ შორის ბიძინა ივანიშვილს, დიალოგისკენ მოუწოდა.
ამასთან, ევროკავშირი-საქართველოს ბიზნესსაბჭოს გენერალური მდივნის შეფასებით, იმ შემთხვევაში, თუ შიდა და საგარეო პოლიტიკური კრიზისი მალე არ განიმუხტა, ქვეყანა სერიოზული გამოწვევების წინაშე დადგება.
ზვიად ჭუმბურიძეს წარმოუდგენლად მიაჩნია, რომ ქვეყანაში, რომელსაც ხელისუფლება სანქცირებული ჰყავს, დასავლური ინვესტიციები ჩაიდოს.
„როცა დასანქცირებულია ხელისუფლება და შიდა და საგარეო პოლიტიკური კრიზისი გვაქვს, არ ვიცი, ინვესტორმა აქ რა უნდა გააკეთოს?! თუ ვინმე თავზე ხელაღებული ინვესტორი გამოჩნდება, კარგი გაგებით და გარისკავს, კი, ბატონო სიამოვნებით [მივიღებთ], მაგრამ ნორმალური ინვესტორები გრძელვადიან პერსპექტივაში უყურებენ საკუთარ ინვესტიციებს... დღეს, რა ხდება საქართველოში? - ბელარუსთან, რუსეთთან და ირანთან გვაქვს ნორმალური ურთიერთობა გვაქვს, როგორც ვატყობ, თორემ წესით, ასე არ უნდა იყოს... [ჩინურ ინვესტიციებზე მოლოდინებს რაც შეეხება], იმ ჩინეთსაც უნდა დაცულობა, ისიც აკვირდება, სად დებს ინვესტიციას.
რა ახალ ინვესტიციებზეა საუბარი, რაც გვაქვს ის მცირე ბიზნესი დაგვეშლება უახლოეს პერიოდში; საშუალო ბიზნესს დიდი გაჭირვების პერიოდი ელის და არც მსხვილ ბიზნესს [ელის კარგი დღე] - მაგალითად, თუ ადამიანებმა არ იყიდეს პროდუქცია ან ბინები, ან არ იმოგზაურეს, ვინ უნდა შეავსოს სამშენებლო თუ ტურიზმის ბიზნესის ბიუჯეტი?!
ამდენად, საქართველოში ინვესტიციების შემოდინების პერსპექტივა დღეს დახურულია. 6 თვის თავზე ან 1 წლის შემდეგ როგორ იქნება, ვნახოთ“, - განაცხადა ზვიად ჭუმბურიძემ.
EUGBC-ის გენერალური მდივნის პროგნოზით, პოლიტიკური კრიზისის სწრაფად არ დასრულების შემთხვევაში, მომავალი წლის მარტიდან, სახელმწიფო ბიუჯეტსაც შეექმნება პრობლემები.
„მარტში, ველოდები საბიუჯეტო შემოსავლების კლებას... დანაკლისი რამე ალტერნატიული თანხით ხომ უნდა შეავსონ?! ვხედავთ, პროგრამული და ფინანსური დახმარებები ჩერდება. არ გამოვრიცხავ, გართულდეს ინფრასტრუქტურის მშენებლობისთვის შეღავათიანი საკრედიტო ხაზებიც, რადგან სახელმწიფოს მიმართ არ იქნება ნდობა“, - აღნიშნა ზვიად ჭუმბურიძემ.
ამ ვითარებაში ხელისუფლების ქცევა ადეკვატურია? – „არა“ - განაცხადა EUGBC-ის გენერალურმა მდივანმა „წერტილის“ წამყვანის კითხვის პასუხად.