გერმანიის ელჩმა გვითხრა ჩვენ კარგი გაგიღეთო, - ამის შესახებ EUGBC-ს გენერალურმა მდივანმა ზვიად ჭუმბურიძემ BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ სტუმრობისას განაცხადა.
იგი მიიჩნევს, რომ საქართველოს გერმანიასთან კარგი ურთიერთობა უნდა ჰქონდეს, რადგან იგი ევროკავშირში ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაა, საქართველოს კი ევროკავშირის წევრობა სჭირდება.
საქმე ის არის, რომ დღეს EUGBC-ს ორგანიზებით ბიზნესფორუმი გაიმართა, სადაც საუბარი იყო საქართველო-გერმანიის ეკონომიკურ კავშირზე და ფორუმებზე, რომელიც 23-25 აპრილს გაიმართება. ბიზნესფორუმამდე, 12 აპრილს, პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძეს ვიზიტია გერმანიაში დაგეგმილი, რომელიც ფედერალურ კანცლერს ოლაფ შოლცის შეხვდება. აღნიშნული შეხვედრის მიმართ ზვიად ჭუმბურიძეს პოზიტიური მოლოდინები აქვს და თვლის, რომ სამთავრობო ვიზიტის შემდეგ გერმანელები ბიზნესფორუმზე საქართველოთი უფრო დაინტერესდებიან.
„დღეს კარგი საუბარი შედგა ბატონ პეტერ ფიშერთან, კონკრეტულად ამ კანონზე [„რუსულ კანონზე“] საუბარი არ ყოფილა, მაგრამ ძალიან მარტივად ითქვა გერმანიის ელჩის მხრიდან, - "ჩვენ კარგი გაგიღეთ და გვინდა საქართველო ევროკავშირის წევრი გახდეს". იგულისხმა გერმანია, რადგან გერმანია ერთ-ერთი გადაწყვეტილების მიმღები ქვეყანაა ევროკავშირში. არცერთმა ჩვენმა მოქალაქემ არ იფიქროს, რომ ჩვენ რაიმე ეროვნულ ინტერესს ვთმობთ ევროკავშირში გაწევრიანებისთვის, არამც და არამც - პირიქით. თავად ის ფაქტი, რომ ჩვენი მოსახლეობის დაახლოებით 1 მილიონამდე მოქალაქე გასულია ევროკავშირის სივრცეში და რუსეთი მან ჩაანაცვლა, თუნდაც სამსახურის თვალსაზრისით, ეს კიდევ ერთხელ მიუთითებს იმაზე თუ როგორი განწყობებია ევროპის მიმართ“, - განაცხადა მან.
რაც შეეხება მიმდინარე თვეს დაგეგმილ ფორუმებს, ზვიად ჭუმბურიძემ თქვა, რომ მსგავსი შეხვედრები საქართველოს უმნიშვნელოვანესია.
„მგონი, კარგად დავამთხვიეთ, რადგან ბიზნესფორუმამდე, სამთავრობო ვიზიტია - 12 აპრილს გერმანიაში პრემიერ-მინისტრი ჩადის და მინდა ოპტიმისტურად ვიყო განწყობილი და ვფიქრობ იმდენად დალაგდება ურთიერთობა, რომ ამ ბზინეს ფორუმს უფრო მეტი ინტერესი ექნება გერმანელების მხრიდან. გერმანია ქვეყანაა, რომელიც სერიოზულ ეკონომიკურ განზომილებას ქმნის ევროკავშირში და ამიტომ თითოეული კონფერენცია, შეხვედრა თუ ბზინეს წრეების კონსულტაციები მომგებიანია. 23 აპრილს ბზინეს კონფერენციას ბერლინში ვატარებთ, რაშიც ჩვენი საელჩოა და საგარეო საქმეთა სამინისტრო აქტიურადაა ჩართული. ასევე ვატარებთ ფრანკფურტში და აქ უკვე მხოლოდ საინვესტიციო პროექტები იქნება და საინტერესოა, როდესაც გერმანელები ითხოვენ ფარმაცევტული სექტორის დაკავშირებას თავიანთ პარტნიორებთან კომუნიკაციას. პერსპექტივები გვაქვს და ამას უნდა მოვუფრთხილდეთ", - განაცხადა მან.