ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტში ყოველწლიური ანგარიშით გამოსვლისას საერთაშორისო დაკავშირებადობის ახალ ინიციატივაზე განაცხადა, რომელიც სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპულ ბაზართან.
როგორც ევროკომისიის ხელმძღვანელმა აღნიშნა, აღნიშნული მარშრუტი სწორედ ის არის, რასაც „შუა დერეფანს“ ვუწოდებთ.
"ამ გარდამტეხ ეპოქაში, ჩვენი კეთილდღეობა და უსაფრთხოება მხოლოდ ქვეყნის შიგნით ვერ აშენდება. წელს ჩვენ თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებები გავაფორმეთ ინდოეთთან, მექსიკასთან, ავსტრალიასა და ინდონეზიასთან. ახლა სავაჭრო შეთანხმებები 80-ზე მეტ ქვეყანასთან გვაქვს იმაზე მეტთან, ვიდრე მსოფლიოში ნებისმიერს. ბიზნესი კი ჩვენგან კიდევ უფრო მეტს ითხოვს. დღეს შემიძლია განვაცხადო საერთაშორისო დაკავშირებადობის ახალ პროექტზე. ის სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიას პირდაპირ დააკავშირებს ევროპულ ბაზართან, რასაც ჩვენ „შუა დერეფანს“ ვუწოდებთ. "Global Gateway"-ის მეშვეობით, ჩვენი მიზანია 12 მილიარდ ევრომდე საჯარო და კერძო ინვესტიციის მოზიდვა. ჩვენი ამოცანაა მარშრუტების დივერსიფიკაცია, სავაჭრო ნაკადების გასამმაგება და სატვირთო გადაზიდვების ტრანზიტის დროის მკვეთრი შემცირება 2030 წლისთვის.ამ ყოველივეს რეალობად ქცევისთვის, ბულგარეთის პრემიერ-მინისტრთან ერთად, რეგიონული დაკავშირებადობის სამიტს ორგანიზებას გავუწევთ", - განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა.
შუა დერეფანი არის მულტიმოდალური მარშრუტი, რომელიც ჩინეთსა და ცენტრალურ აზიას ევროპასთან აკავშირებს კასპიის ზღვის, სამხრეთ კავკასიისა და თურქეთის გავლით. Global Gateway კი, რაზეც ევროკომისიის პრეზიდენტი საუბრობს ევროკავშირის მასშტაბური პროექტია, რომელიც მიზნად ისახავს მსოფლიოს მასშტაბით მდგრადი და საიმედო ინფრასტრუქტურული კავშირების განვითარებას. პროექტი შეიქმნა ჩინეთის „სარტყელისა და გზის“ ინიციატივის ევროპულ ალტერნატივად. პროექტის ფარგლებში, 2021-2027 წლებში დაგეგმილია ჯამში 300 მილიარდი ევროს მობილიზება.
























