მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს, “შუა დერეფანს” კონკურენციას ვერც ერთი სხვა დერეფანი ვერ უწევს - გივი ჩაჩანიძე

COSCO

დღეს, “თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმი” დასრულდა, რომლის ერთ-ერთი მთავარი თემა - ლოგისტიკა იყო. საქართველოს სტრატეგიული მდებარეობიდან გამომდინარე, ეს ერთ-ერთია იმ თემებს შორის, რომელთაც ჩვენს ქვეყანაში ყველაზე ხშირად განიხილავენ. რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ კი, როცა რუსეთზე გამავალი “ჩრდილოეთის დერეფანი” ფაქტობრივად ჩაიკეტა, “შუა დერეფანმა” სრულიად ახალი დატვირთვა შეიძინა, როგორც ამ სიტყვის პირდაპირი გაგებით, ანუ დერეფანში გატარებული ტვირთების რაოდენობით, არამედ სიმბოლურადაც.

როგორც დიდი ჩინური გადამზიდავი კომპანიის, COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალური მენეჯერი, გივი ჩაჩანიძე “საქმიან საღამოში” ამბობს, დღეს “შუა დერეფანს” კონკურენციას ვერც ერთი სხვა დერეფანი ვერ უწევს, რადგან დასავლური სახელმწიფოების მიერ რუსეთის მიმართ დაწესებული სანქციები სულ უფრო და უფრო მძიმდება.

“დღევანდელი მონაცემებით, შუა დერეფანს კონკურენციას ვერც ერთი სხვა დერეფანი ვერ უწევს, რადგან სანქციები რუსეთის მიმართ კიდევ უფრო მძიმდება. რამდენიმე დღის წინ და ახლაც, “აბრეშუმის გზის ფორუმზე” ჩვენს პარტნიორებთან და კლიენტებთან საუბარი გვქონდა და ვიცით, რომ დღესაც არსებობს აზიური ტვირთები, რომლებიც რუსეთიდან ბალტიის ქვეყნებში გადის და შემდეგ მთავარ პორტებს უერთდება, მაგრამ თუ სანქციების ახალ-ახალი პაკეტების შემოღებას და ამ საუბრების შედეგებს დავაკვირდებით, ვხვდები, რომ ხვალ და ზეგ საერთოდ ჩაიკეტება ეს ტრანზიტი და შუა დერეფანი გახდება ერთ-ერთი ალტერნატივა. ერთადერთი ვერ გახდება, რადგან სამხრეთითაც არის გზები, მაგრამ ამ რეგიონში დღეს არსებული მდგომარეობა იძაბება და თუ სიმშვიდეს შევინარჩუნებთ, შეიძლება გავხდეთ ერთადერთი ალტერნატივა”, - აღნიშნავს გივი ჩაჩანიძე.

COSCO SHIPPING LINES-ის გაყიდვების გენერალური მენეჯერის შეფასებით, “შუა დერეფნის” ერთადერთ ალტერნატივად გადაქცევა ერთგვარ საფრთხესაც შეიცავს, რადგან შეიძლება ამ სტატუსის გამო ქვეყანა მოდუნდეს.

თუმცა, სწორედ აქ გადის წვრილი ზღვარი - არ უნდა შეგვექმნას წარმოდგენა, რომ ერთადერთი ვართ და შესაბამისად მოვდუნდეთ, რადგან ყველაზე დიდი პასუხისმგებლობა სწორედ იმ დროს იწყება, როცა ერთადერთი ალტერნატივა გავხდებით. ამ დროს არავის არ უნდა ვაწყენინოთ, პირიქით უნდა გავუფრთხილდეთ და ვაჩვენოთ, რომ არათუ ამ სტატუსით ცუდად არ ვსარგებლობთ, არამედ ყველაფერს იდეალურად ვაკეთებთ”, - განაცხადა გივი ჩაჩანიძემ “საქმიან საღამოში”.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები