დღეს 11:00 საათზე, აბრეშუმის სახელმწიფო მუზეუმის ტერიტორიაზე (გიორგი ცაბაძის ქ. 6, თბილისი) უკრაინელ მეწარმეთა ხელშესაწყობად, ლტოლვილ მეწარმეთა გამოფენა გაიმართება და მათი ბიზნეს საქმიანობის ერთწლიანი შედეგები შეჯამდება. ამის შესახებ ინფორმაცია სოციალური ქსელის საშუალებით ვრცელდება.
გავრცელებული ინფორმაციით, ღონისძიების ორგანიზატორები არიან გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და ქეა კავკასია, გერმანიის მთავრობის ფინანსური მხარდაჭერით.
ღონისძიებას დაესწრებიან:- ანნა ჩერნიშოვა UNDP-ის მუდმივი წარმომადგენლის მოადგილე საქართველოში
- სარა ზიელონკა, ეკონომიკისა და პრესის დეპარტამენტის უფროსი გერმანიის საელჩოში;
- ქეთევენ ხაჩიძე, ქეა კავკასიას დირექტორი
აღსანიშნავია, რომ გერმანიის მთავრობის, გაეროს განვითარების პროგრამისა და ქეა კავკასიის ხელშეწყობით, 39-მა ლტოლვილმა მეწარმემ მცირე ბიზნესი წამოიწყო და თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია. მათი უმრავლესობა უკრაინის მოქალაქეა, რომელთაც ომის დროს თავი საქართველოს შეაფარეს. ლტოლვილ მეწარმეთა საქმიანობა ეკონომიკის სხვადასხვა სექტორს მოიცავს. მცირე საწარმოები მოქმედებს როგორც საქართველოს დიდ ქალაქებში, ისე სოფლად.
საწარმოების 70 პროცენტზე მეტს ქალები უძღვებიან.