მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

დღეს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნები იმართება

ვიქტორ ორბანი

12 აპრილს უნგრეთში საპარლამენტო არჩევნებია. მოქმედი პრემიერმინისტრი ვიქტორ ორბანი „ფიდესის“ [Fidesz] პარტიიდან მეხუთე ვადით ცდილობს მოსვლას, მისი მთავარი ოპონენტი კი არის მზარდი ოპოზიციური პარტია "ტისა" [Tisza], რომელსაც პეტერ მაგიარი ხელმძღვანელობს.

არჩევნები ეროვნული ასამბლეის 199-ვე წევრს განსაზღვრავს და წარმოადგენს მნიშვნელოვან გამოწვევას ორბანის 16-წლიანი მმართველობისთვის, გაძლიერებული პოლიტიკური კონკურენციისა და საერთაშორისო დაკვირვების ფონზე.

ბოლო კვლევები მიუთითებს, რომ უნგრეთის არჩევნებში ოპოზიცია იმარჯვებს. მიმდინარე კვირაში კვლევითი სააგენტო Median-ის მიერ გამოქვეყნებული მონაცემებით, უნგრეთის ოპოზიციური პარტია "ტისა" შესაძლოა პარლამენტში ორი მესამედით მოვიდეს. კერძოდ, Median-ის მიერ თებერვლის ბოლოსა და მარტში ჩატარებული გამოკითხვების მიხედვით, პროგნოზირებენ, რომ „ტისა“ 199-წევრიან პარლამენტში 138-დან 142-მდე მანდატს მოიპოვებს. ამავე პროგნოზის მიხედვით, მოსალოდნელია, რომ „ფიდესი“ 49-დან 55-მდე ადგილს მიიღებს, ხოლო ულტრამემარჯვენე პარტია „ჩვენი სამშობლო“ 5 ან 6 მანდატს დასჯერდება.

ეს ნიშნავს, რომ არჩევნების შემდეგ ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, რომელიც 2010 წლიდან ხელისუფლებაშია, შესაძლოა, ძალაუფლება დაკარგოს. ორბანს, რომელიც ბრიუსელის მთავარი კრიტიკოსია და ბლოკავს რუსეთის წინააღმდეგ დაწესებულ სანქციებს ან მხარდაჭერის სანაცვლოდ ევროკავშირისგან გარკვეულ დათმობებს იღებს, კარგი ურთიერთობა აქვს როგორც აშშ-ის, ისე რუსეთის პრეზიდენტებთან.

საერთაშორისო მედიის შეფასებით, 2010 წლიდან მოყოლებული ოთხი არჩევნების შემდეგ, ეს არჩევნები ყველაზე დიდი გამოწვევაა უნგრეთის 62 წლის ნაციონალისტი ლიდერის ვიქტორ ორბანისთვის.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები