მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"დღესაც მჯერა, [სასამართლოს დარბაზში მობილურის შეტანის აკრძალვა] ადვოკატებს არ შეეხებათ" - ირაკლი ყანდაშვილი

ირაკლი ყანდაშვილი

"მე ვიცი ერთი რამ, დაუშვებელია, ადვოკატის უფლებები ამ ჭრილში შეიზღუდოს" - საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატ ირაკლი ყანდაშვილს სურს, სჯეროდეს, რომ მობილურის სასამართლოს დარბაზში შეტანის აკრძალვა ადვოკატებს არ შეეხებათ.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ წამყვანის შესაბამისი კითხვის პასუხად განაცხადა და საკუთარი იმედის გასამყარებლად მოიშველია ის ფაქტი, რომ ცვლილება, რომელიც მობილური ტელეფონების სასამართლოში შეტანას ეხება, კანონში ივლისში შევიდა და დადგენილების სახით, დაახლოებით, 5 თვის წინ გავრცელდა, თუმცა დღემდე ადვოკატებს არ შეხებიათ.

„დღესაც მჯერა, რომ აღნიშნული ცვლილება ადვოკატებს არ შეეხებათ. ეს არის ჩემი მოსაზრება. 21-ე საუკუნეში, ციფრული ეპოქის ერაში, მსგავსი ტიპის შეზღუდვები ადვოკატის მიმართ ვერ წარმომიდგენია“, - ამბობს ირაკლი ყანდაშვილი.

საქმე ის არის, რომ შესაძლოა, სასამართლოში მობილურის შეტანაც კი აკრძალონ და ეს შეზღუდვა ადვოკატებსაც შეეხოთ. აღნიშნული, ფაქტობრივად, დაადასტურა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრმა მოსამართლე დიმიტრი გვრიტიშვილმა. მან ჟურნალისტებს უთხრა, რომ სასამართლოზე ტელეფონის ჩამორთმევა ყველას ეხება. რაც შეეხება იმას, როდიდან ამოქმედდება სასამართლოს შენობებში ტექნიკის ჩამორთმევის პრაქტიკა, დიმიტრი გვრიტიშვილმა კონკრეტული ვადა არ დაასახელა.

ირაკლი ყანდაშვილის თქმითვე, მისი ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარედ არჩევის შემთხვევაში, ის გადადგამს ყველა იმ ნაბიჯს, რაც ორიენტირებული იქნება ადვოკატის უფლებების დაცვისკენ, თავისი კლიენტის საუკეთესო ინტერესების დასაცავად.

გადაცემა „წერტილის“ წამყვანმა საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატს ჰკითხა - რა იქნება მისი რეაქცია, თუ მაგალითად, ხვალ სასამართლოს დარბაზში მობილურ ტელეფონს ან სხვა ელექტრონულ მოწყობილობას არ შეატანინებენ.

- ყველა ადვოკატი, რა თქმა უნდა, უნდა ვიყოთ ერთ აზრზე. ეს არის უდიდესი პროფესია. დაახლოებით, 6000-მდე მოქმედი ადვოკატია და 11 000 წევრი ჰყავს ამ ორგანიზაციას. წლიდან წლამდე ასოციაციის წევრების რიცხვი მზარდია. ამ დიდ კორპორაციას, რა თქმა უნდა, აქვს თავისი ადგილი, როლი მართლმსაჯულებაში. ადვოკატის ჩართულობის გარეშე მართლმსაჯულება ვერ განხორციელდება. არ მგონია, ეს იყოს ვინმეს ინტერესში. ახლა რაც შეეხება, რა უნდა ვქნათ - მე დღეს ადვოკატთა ასოციაციის თავმჯდომარეობის კანდიდატი ვარ. კიდევ ერთხელ ვიმეორებ, როგორც თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, ყველა იმ ნაბიჯს გადავდგამ, რომ ეს ჩვენ არ შეგვეხოს. პირველ რიგში, ამასთან დაკავშირებით არის საუბარი საჭირო, ნებისმიერ აქტორთან, ვისაც ეს ეხება და ნებისმიერ იმ აქტორთან, რომელმაც შეიძლება ამ მიმართულებით ნაბიჯები გადადგას. შესაბამისად, რა თქმა უნდა, ადვოკატთა ასოციაცია, რომელიც არის უდიდესი ინსტიტუცია, მართებს ამ მიმართულებით კომუნიკაციის განხორციელება. ამისთვის მზად ვარ.

- როგორც ცნობილია, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის მოქმედ თავმჯდომარეს, დავით ასათიანსაც ჰქონდა კომუნიკაცია შესაბამის პირებთან და მანაც იმედი გამოთქვა, რომ აკრძალვა ადვოკატებს არ შეეხებათ, თუმცა იუსტიციის საბჭოს მოსამართლე წევრმა დიმიტრი გვრიტიშვილმა პირდაპირ თქვა, რომ დადგენილება გამონაკლისს არ ითვალისწინებს...

- ორივეს განცხადებას გავეცანი... თქვენ ხომ მე მეკითხებით, მე რას ვაპირებ?!

- დიახ...

- მაშინ მე გიპასუხებთ და ვსვამ წერტილს - ადვოკატთა მხრიდან, ამ ბრძანების გასაჩივრებაც შეიძლება და ამ ცვლილების გასაჩივრებაც შეიძლება.

- თუმცა მთავარია შედეგი...

- თქვენ ხომ იმას მეკითხებით, რას გავაკეთებ და გიპასუხეთ...

- კონკრეტული კითხვა დაგისვით - რას იზამთ, თუ ხვალ სასამართლოს სხდომაზე მობილურს არ შეგატანინებენ - პროტესტის ნიშნად არ შეხვალთ პროცესზე თუ?

- მგონია, რომ ჩვენ, ადვოკატებმა ამის მიმართ მტკიცე პროტესტი უნდა დავაფიქსიროთ, თუმცა ამოვწუროთ საკითხი - ქართული კანონმდებლობა ითვალისწინებს ადვოკატის საქმიანობაში ნებისმიერი ფორმით ჩარევაზე სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას. უფრო მეტიც და ეს არის ჩემი, როგორც კანდიდატის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ინიციატივა და მინდა თქვენი ეთერი გამოვიყენო ამ კუთხით და ვუთხრა, მათ შორის ადვოკატებს და ზოგადად საზოგადოებას - „ადვოკატის უფლებების დაცვის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის რატიფიცირება მოხდა 2025 წლის მარტის თვეში. ჩემი ინიციატივაა, როგორც თავმჯდომარეობის კანდიდატის, რომ საქართველოს ხელისუფლებას მოვუწოდოთ, მოვახდინოთ აღნიშნული კონვენციის რატიფიცირება. მინდა, უფრო მეტად დავიცვა ჩვენი ქართველი ადვოკატები საქართველოში და მსგავსი სახის უხეში ჩარევები, არა თუ ქართული კანონმდებლობით, რაც ისედაც არის დაწერილი, რომ ხელშეშლა და ჩარევა დაუშვებელია, არამედ საერთაშორისო სტანდარტით იყოს დაცული. ამ საკითხზე, როგორც კანდიდატი და პოტენციური მომავალი თავმჯდომარე, რა თქმა უნდა, ვფიქრობ და ორიენტირებული ვარ, ადვოკატების უფლებები იყოს დაცული.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები