ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტის თავმჯდომარე შოთა ბერეკაშვილი ამბობს, რომ ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმების ერთ-ერთი მიზეზი ის არის, რომ დღევანდელ საქართველოში ბიზნესს არ სჭირდება დაცვა. ამის შესახებ მან კომიტეტის სხდომაზე „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტის წარდგენისას "გახარია საქართველოსთვის" პარტიის დეპუტატის გიორგი შარაშიძის კითხვის საპასუხოდ განაცხადა.
საპარლამენტო უმცირესობის წარმომადგენელმა ბერეკაშვილს ჰკითხა - ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმებამდე ჰქონდათ თუ არა კომუნიკაცია ბიზნესთან, რადგან ეს ინსტიტუცია ბიზნესის ინტერესებს იცავდა. კომიტეტის თავმჯდომარემ უპასუხა, რომ მათი კომიტეტი ბიზნესთან შეხვედრებს რეგულარულად მართავს და ბიზნესს ნეგატიური რეაქცია არ ჰქონია.
"ეკონომიკური პოლიტიკის ფარგლებში ჩვენ სისტემატური შეხვედრები გვაქვს ბიზნესის უმრავლეს წარმომადგენელთან. მათ შორის ბიზნესის ასოციაციასთან, მცირე და საშუალო ბიზნესის წრეებთან.
პრაქტიკა აჩვენებს, რომ ბოლო წლებში ბიზნესომბუდსმენი არც ისე აქტიური იყო ბიზნესის დაცვის მიმართულებით. ამას ორი გარემოება აქვს: პირველი - საქართველოში დღევანდელ რეალობაში ბიზნესს არ სჭირდება დაცვა. როგორც მე აღვნიშნე, იკვეთებოდა დუალური პასუხიმგებლობები - ასე რომ ვთქვათ, ამ შემთხვევაში პროცესის გამარტივებისთვის და ასევე ფისკალური ეფექტიც ექნება აღნიშნულ კანონპროექტს, ხარჯები შემცირდება... ჩვენ მიზანშეწონილად მივიჩნიეთ აღნიშნული ბიზნესიმბუდსმენის აპარატის გაუქმება და ის ეკონომიკის მინისტრის მრჩეველი გახდება, თავის მხრივ არ ნიშნავს იმას, რომ ეს [ბიზნესომბუდსმენის აპარატი] ეს სრულყოფილად უქმდება, უბრალოდ მოვალეობები იცვლება და მრჩევლის როლს შეასრულებს.
არ ვიცი, არ მგონია ბიზნეს ნეგატიური რეაქცია ჰქონდეს, ბიზნესის ყველა წარმომადგენელთან არ მისაუბრია, მაგრამ ვისაც ვესაუბრე - დადებითი შეფასება ჰქონდათ. არ ვიცი თქვენ ვინ გყავთ კონკრეტულად მხედველობაში", - განაცხადა შოთა ბერეკაშვილმა .
ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტმა „საქართველოს ბიზნესომბუდსმენის შესახებ საქართველოს კანონის“ ძალადაკარგულად გამოცხადების თაობაზე“ კანონპროექტი და მისგან გამომდინარე ცვლილებათა პაკეტს პლენარულ სხდომაზე გატანას მხარი დაუჭირა.
კანონპროექტის თანახმად, ბიზნესომბუდსმენის აპარატი უქმდება, კანონმდებლობით დადგენილ შესაბამის პროცედურებს კი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო განახორციელებს. ბიზნესომბუდსმენი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მრჩევლის თანამდებობაზე გააგრძელებს საქმიანობას.
შოთა ბერეკაშვილის განცხადებით, ბიზნეს საქმიანობის მხარდაჭერის მიზნით, როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში, ასევე ფინანსთა სამინისტროში შესაბამისი სამსახურები მუშაობენ, ამასთანავე, ანალოგიურ საქმიანობას მარეგულირებელი კომისიები და ბიზნეს ასოციაციებიც ახორციელებენ. შესაბამისად, დღის წესრიგში დადგა ცალკე ინსტიტუტის - ბიზნესომბუდსმენის აპარატის გაუქმების საკითხი.
კანონპროექტის ავტორები არიან პარლამენტის წევრები: შოთა ბერეკაშვილი, ლევან მაჭავარიანი, გიორგი ბარვენაშვილი და თორნიკე ბერეკაშვილი.




























