იურიდიული კომპანია Tax & Legal Solutions-ის დამფუძნებელი ზურაბ ძნელაშვილის აზრით, დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვარი ძალიან დაბალია და შესაბამისად, გასაზრდელია.
ფინანსთა მინისტრის ყოფილი მოადგილე იზიარებს „თავისუფალ ბიზნესთა ასოციაციის“ ინიციატივას, დღგ-ის რეგისტრაციის ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდის თაობაზე, რადგამ მიაჩნია, რომ არსებული ლიმიტი ეკონომიკურ რეალობას არ ასახავს.
როგორც მან BMGTV-ის გადაცემა “წერტილში” განაცხადა, დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის ზღვრის აწევის რეფორმა არა მხოლოდ ბიზნესს გააჯანსაღებს, არამედ საგადასახადო ადმინისტრირებასაც გაცილებით ეფექტიანს გახდის.
დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) არაპირდაპირი გადასახადია, რომელიც, როგორც წესი, გადაიხდება საქონლის/მომსახურების წარმოებისა და განაწილების ყველა სტადიაზე. საქართველოში დღგ-ის განაკვეთი 18%-ია. დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.
პირი, რომელიც საქართველოში ეკონომიკური საქმიანობითაა დაკავებული და თუ ბოლო 12 თვის განმავლობაში მისი ამ ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრი თანხა 100 000 ლარს აღემატება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად. სწორედ ამ ზღვარის 300 000 ლარამდზე გაზრდის ინიციატივით მიმართავს "თავისუფალ ბიზნესმენთა ასოციაცია" ფინანსთა სამინისტროს.
ინტერვიუ ზურაბ ძნელაშვილთან
- უნდა გაიზარდოს თუ არა დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის 100 000-ლარიანი ზღვარი, რომელიც 2005 წლიდან მოქმედებს?
- ეს ზღვარი, დღეს, რა თქმა უნდა, ეს ზღვარი ძალიან დაბალია და უნდა გადაიხედოს, მაგრამ პირველ რიგში, ვიტყვი, რა არის ამ 100 000-ლარიანი ლიმიტის დანიშნულება. მისი მთავარი მიზანია, რომ მცირე და დამწყები ბიზნესი, რომელმაც ახლა გადაწყვიტა საქმიანობის დაწყება, გავათავისუფლოთ დღგ-ის ადმინისტრირების ტვირთისგან. დღგ-ის ადმინისტრირება ხომ მარტივი არ არის?! ანგარიშ-ფაქტურების მიღება, გამოწერა, ჩათვლა, დეკლარირება - ამ პროცესში უამრავი სირთულე და რისკია. შეიძლება, შეცდომა დაუშვა და დიდი თანხით დაჯარიმდე.
- მხოლოდ ადმინისტრირების გამარტივება ხომ არ არის დანიშნულება - დღგ-ის გადასახადს არ იხდის პირი, ვიდრე მისი ბრუნვა 100 000 ლარი არ გახდება…
- ეს უკვე ეფექტია - ის, რომ გადასახადს თავიდანვე არ გახდევინებენ, ვიდრე ახალი დაწყებული გაქვს და ნაკლები ბრუნვა გაქვს (საუბარია ბოლო 12 თვის განმავლობაში 100 000 ლარამდე ბრუნვაზე). ეს თანხა შენ გრჩება და ეს ნამდვილად დადებითი ეფექტია, თუმცა თავდაპირველი მიზანი მაინც დღგ-ის რთული ადმინისტრირებისგან მცირე ბიზნესის გათავისუფლება იყო. ეს კეთდება იმისთვის, რომ დამწყებ მეწარმეებს ნაკლები საქმე და რისკი ჰქონდეთ, რაღაც არ შეეშალოთ. დღგ-ის გადამხდელობისას უამრავი დოკუმენტია გამოსაწერი, კვალიფიციური ბუღალტერი ან საგადასახადო კონსულტანტია ასაყვანი, საგადასახადოსთან ურთიერთობაც უფრო ინტენსიური ხდება, რისკებში უფრო ხშირად ხვდები და საგადასახადო შემოწმებაც უფრო ხშირად შემოდის. სწორედ ამ ტვირთისგან ათავისუფლებენ მცირე ბიზნესს. ამასთან, ფასები წლიდან წლამდე იზრდება და ბრუნვაც, შესაბამისად, მატულობს. თუ 5 წლის წინანდელთან შედარებით დღეს იმავე რაოდენობის საქონელს ყიდულობ, 100 000-ლარიან ზღვარს ორჯერ უფრო სწრაფად მიაღწევ. ამიტომ, ეს ზღვარი ნამდვილად გასაზრდელია. მეც ვეთანხმები [თავისუფალ ბიზნესმენთა ასოციაციას], რომ ის ძალიან დაბალია. თუ გვინდა, ამ ლიმიტმა თავისი ფუნქცია შეასრულოს და დამწყებ/მცირე ბიზნესს დაეხმაროს, ის უნდა გაიზარდოს, რადგან დღეს ბიზნესი 100 000 ლარიან ბრუნვას, რეალურად, რამდენიმე თვეში აღწევს.
- რატომ არ გამოდის ამ ინიციატივით თავად შემოსავლების სამსახური?
- ეს ინიციატივა, პირველ რიგში, ალბათ ბიზნესიდან უნდა მოდიოდეს. შემოსავლების სამსახურიდან საგადასახადო შეღავათების ინიცირება რთულად წარმოსადგენია…
- მესმის, მაგრამ 100 000-ლარიანი ზღვარის გაზრდას ბიზნესის ნაწილი 2022 წელსაც მოითხოვდა, მაგრამ არავინ შეისმინა…
- ალბათ მაშინ ფისკალური ინტერესები უფრო წინა პლანზე იყო წამოწეული. ჩათვალეს, რომ უმჯობესია, პირი რაც შეიძლება მალე გახდეს დღგ-ის გადამხდელი, რათა ბიუჯეტში ეს გადასახადი სწრაფად შევიდეს. ალბათ ეს იყო მათი არგუმენტი, სხვა ახსნა ამას უბრალოდ არ შეიძლება ჰქონდეს.
იმედია, ფინანსთა მინისტრს სადმე შევხვდებით და მოგვეცემა საშუალება, ვკითხოთ - რატომ არ ზრდიან დღგ-ის გადამხდელად რეგისტრაციის 100 000 ლარიან ზღვარს.




























