მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვრის გაზრდაზე ფინანსთა სამინისტროს უარს პასუხობს

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია დღგ-ის 100 000-ლარიანი ზღვრის 300,000 ლარამდე გაზრდაზე ფინანსთა სამინისტროს უარს პასუხობს. ასოციაციის განცხადებით, სამინისტროს უარი "მცდარ და ხარვეზიან არგუმენტებს ეფუძნება".

საქმე ისაა, რომ როგორც BMG-ის ფინანსთა სამინისტროში გაგზავნილ კითხვაზე უპასუხეს, უწყება დღგ-ის გადამხდელად სავალდებულო რეგისტრაციის ზღვრის 100 000-დან 300 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივას მხარს არ უჭერს.

კერძოდ, ასოციაციის შეფასებით, სამინისტროს მიერ მოყვანილი არგუმენტები შეიცავს არსებით შეცდომებს, უგულებელყოფს ოფიციალურ სტატისტიკას და მოწყვეტილია რეალურ ბიზნეს-გარემოს.

"ფინანსთა სამინისტრო ამბობს, რომ დღგ-ის 100 000 ლარიანი ზღვარი თითქოს გონივრულ ბალანსს ინარჩუნებს. სიმართლე კი ისაა, რომ დღგ-ის ზღვარი დაწესდა 2005 წელს, მას შემდეგ დღემდე კი ფასები დაახლოებით 2.7-ჯერ გაიზარდა, ანუ მაშინდელი 100 000 ლარი დღეს, სულ მცირე 270 000 ლარია. ამავე პერიოდის განმავლობაში ლარის ნომინალური კურსი დოლართან მიმართებით დაახლოებით 45%-ით გაუფასურდა. როგორ შეიძლება ვისაუბროთ გონივრულ ბალანსზე, როცა ეკონომიკური პარამეტრები მნიშვნელოვნად შეიცვალა ბოლო დაახლოებით 21 წლის განმავლობაში?

ფინანსთა სამინისტრომ ასევე განაცხადა, რომ დღგ-ის 100 000 ლარიანი ზღვრის ზრდამ შესაძლოა შექმნას კონკურენციის დამახინჯების რისკი. კონკურენციის დამახინჯება ვერ მოხდება ზღვრის აწევით. პირიქით, ის მცირე მეწარმეები, რომელთა მხოლოდ ნომინალური შემოსავალი გაიზარდა ინფლაციის ზრდის გამო, ისევ თანაბარ კონკურენტულ პირობებში აღმოჩნდებიან მათთან, ვინც ჯერ ამ ზღვარს არ მიაღწია.

კიდევ ერთი არგუმენტი, რომელიც ჩვენ მოვისმინეთ გულისხმობს შემდეგს, რომ დღგ-ის ზღვრის გაზრდა დოკუმენტების წარმოების სტიმულირებას შეამცირებს და არაფორმალურ ოპერაციებს წააახალისებს. სინამდვილეში ყველაფერი ხდება პირიქით. სწორედ არსებული დაბალი ზღვრის გამო ათასობით მეწარმე რეგისტრირდება რამდენიმე ინდ. მეწარმედ ან შპს-დ (ოჯახის წევრებზე), რაც საგადასახადო ადმინისტრირებისთვის გაცილებით დიდ ქაოსს და ჩრდილოვან სექტორს ქმნის. ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდა ბიზნესს აძლევს ლეგალურად, ერთ სუბიექტად გამსხვილებისა და გამჭვირვალედ ოპერირების სტიმულს.

და ბოლო არგუმენტი რომ თითქოს ევროპაში უფრო დაბალია ზღვარი არ ნიშნავს იმას, რომ ჩვენც იგივე უნდა გავიმეოროთ, ჩვენ უნდა ვიყოთ მაგალითი დანარჩენი ქვეყნებისთვის თუ როგორ შეიძლება სწორი საგადასახადო პოლიტიკით მივიღოთ ძლიერი ბიზნეს სექტორი.

თავისუფალ ბიზნესთა ასოციაცია მოუწოდებს ფინანსთა სამინისტროს დაიწყოს უფრო მკაფიო, სიღრმისეული განხილვა აღნიშნული თემის, რადგან ეს ყველაფერი, პირველ რიგში, სწორედ მათ ინტერესებში შედის", - წერია მათ განცხადებაში.

დამატებული ღირებულების გადასახადი (დღგ) არაპირდაპირი გადასახადია, რომელიც, როგორც წესი, გადაიხდება საქონლის/მომსახურების წარმოებისა და განაწილების ყველა სტადიაზე. საქართველოში დღგ-ის განაკვეთი 18%-ია. დღგ-ის საანგარიშო პერიოდია კალენდარული თვე.

პირი, რომელიც საქართველოში ეკონომიკური საქმიანობითაა დაკავებული და თუ ბოლო 12 თვის განმავლობაში მისი ამ ოპერაციების დღგ-ით დასაბეგრი თანხა 100 000 ლარს აღემატება, ვალდებულია, დარეგისტრირდეს დღგ-ის გადამხდელად. სწორედ ამ ზღვრის 300 000 ლარამდე გაზრდის ინიციატივით მიმართა "თავისუფალ ბიზნესმენთა ასოციაციამ" ფინანსთა სამინისტროს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები