საქართველოს ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტი და ეკონომისტი რომან გოცირიძე მიიჩნევს, რომ, რაც ახლა ხდება ამ ანტისაფასო კამპანიის სახით, პირველ რიგში რეპრესიების გადატანაა პოლიტიკური სივრციდან ბიზნესსფეროში.
მან საკითხის შესახებ სოციალურ ქსელში რამდენიმე პოსტი გამოაქვეყნა, სადაც მედიის და ოპოზიციის ნაწილს აქცენტს უწუნებს. როგორც რომან გოცირიძე აღნიშნავს, როდესაც ფასების ზრდას დღგ-ს აბრალებ, ამით ამართლებ ხელისუფლებას.
"არასწორად ვუდგებით ფასების ზრდის მიზეზებს და ასევე არასწორ გამოსავალს ვთავაზობთ. თითქოს სურსათის ფასების ზრდის მიზეზი დამატებული ღირებულების გადასახადია და მისი შემცირება შეამცირებს ფასებს, არასწორია. დღგ-ს განაკვეთი ოც წელიწადზე მეტია უცვლელია, მაგრამ ფასები სურსათზე ორჯერ და უფრო მეტად გაიზარდა.
განსაკუთრებით არასწორია ფასების სიდიდეს შორის განსხვავების ახსნა იმით, რომ ევროპის სუპერმარკეტებში დღგ უფრო დაბალია, ვიდრე ჩვენთან.
ევროპაში ბიზნესზე საგადასახადო ტვირთი არის მნიშვნელოვნად მძიმე, ვიდრე საქართველოში. ევროპის სუპერმარკეტები იხდიან მოგების მაღალ გადასახადს, ჩვენთან კი თუ არ გაიტან, გადასახადი ნულოვანიც კი შეიძლება იყოს. დიდია იქ ქონების გადასახადიც. რაც მთავარია, ევროპის ქვეყნებში ხელფასის ფონდი წარმოუდგენლად დიდი ოდენობით იბეგრება, იგი 50 პროცენტსაც კი აღწევს, ზოგ ქვეყანაში უფრო მეტიცაა. საქართველოში ხელფასი მხოლოდ 20 პროცენტით იბეგრება, ვინც საპენსიო სქემაშია, დამატებით 2 პროცენტს უხდის.
ევროპის სუპერმარკეტებში დასაქმებულთა ხელფასის თითქმის ნახევარი მიდის ბიუჯეტში ან სოციალურ ფონდებში. ეს უფრო მძიმე წნეხია ბიზნესზე, ვიდრე შედარებით ნაკლები დღგ. საქართველოში დამსაქმებლის სოციალური შენატანი არის ნული(თუ არ ჩავთვაოთ საპენსიო სქემაში მონაწილეებს), ევროპაში კი 20-30 პროცენტია. დასაქმებულიც ერთ ამდენს იხდის.
მოკლედ, საქართველოში ბიზნესი, მათ შორის ქსელური თუ არაქსელური ვაჭრობის სფეროში, გაცილებით შეღავათიანად იბეგრება, ვიდრე ევროპაში. ფასების ზრდის მიზეზი არაა გადასახადები. ჩვენზე დაბალი გადასახადები არა თუ ევროპაში, არამედ რეგიონში არავის აქვს.
როცა არასწორ არგუმენტებს ვიყენებთ, ეს ხელს აძლევს ხელისუფლებას და საზოგადოების თვალში უფრო კომპეტენტურად წარმოჩენის შესაძლებლობას ვაძლევთ.
დღგ-ს ბრალი კი არ არის ფასების ზრდა, არამედ “ოცნების” ხელისუფლების. დღგ-ზე აქცენტის გადატანა ამცირებს ხელისუფლების ბრალეულობას",- წერს ის და დასძენს, რომ ხელისუფლების გეგმაა სუპერმარკეტების და დისტრიბუტორების გამოყვანა ფასების ზრდაში მთავარ დამნაშავეებად.
ცნობისთვის, "ოცნების" პრემიერ-მინისტრის განცხადებით, საქართველოში სურსათის ფასები ევროპის ქვეყნებთან შედარებით მნიშვნელოვნად მაღალია, რაც სადისტრიბუციო კომპანიებისა და საცალო ქსელების მაღალი ფასნამატით არის გამოწვეული. 24 დეკემბერს, სუს-მა სურსათის ფასების საკითხის დეტალური შესწავლის დაწყების შესახებ განაცხადა.




























